ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებებს ბენეფიციარების არასწორ რეგისტრაციას ედავება. 56 მილიონი ჯარიმა სერგეენკოს უწყებამ 197 სამედიცინო დაწესებულებას დააკისრა, მათ შორის ქვეყნის საავადმყოფოების ოთხ უმსხვილეს ქსელს.
სოციალური მომსახურების სააგენტოს განმარტებით, სოფლად მცხოვრებ პაციენტებს კლინიკების ნაწილი ქალაქში არეგისტრირებდა, რის გამოც ყოველთვიურად ასანაზღაურებელი თანხა 86 თეთრით მეტია, სამინისტრო თანხების უკან დაბრუნებას ითხოვს. თუმცა, შესაძლო თაღლითობასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს სამართალდამცავებისათვის არ მიუმართავს.
ჯანდაცვის სამინისტროსთან ურთიერთობის გარკვევას დაჯარიმებული პოლიკლინიკების ქსელი „მედკაპიტალი“ სასამართლოში აპირებს. სამედიცინო დაწესებულება ჯანდაცვის სამინსიტროს არ ეთანხმება და ჯარიმის ყველა პუნქტს ასაჩივრებს. სამინისტრო „მედკაპიტალს“ ბიუჯეტში ექვს ნახევარი მილიონი ლარის დაბრუნებას სთხოვს.
ჯანდაცვის სამინსიტროს სანქციას არ ეთანხმება კლინიკების ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში. „ევექსი“ 4 მილიონიან ჯარიმას უსამართლოდ მიიჩნევს.
კლინიკებთან დავის პროცესში 56 მილიონი ლარი მთავრობამ საკუთარი ინიციატივით ჩამოწერა და კლინიკების ჯარიმა 13 მილიონამდე შემცირდა.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პროცესი ნორმალურია და უმიზეზოდ არავის აჯარიმებენ. ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ კლინიკებთან ჯარიმაზე დავა სახელმწიფოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გაუმართაობის გამო უწევს.