“პანორამა-თბილისის” მუშების მიერ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად კომპანიების პასუხისმგებლობა არ უნდა გამოირიცხოს - ამ განცხადებას, "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში" აკეთებენ.
არასამთავრობო ორგანიზაციაში ერთ-ერთი მუშის იმ განცხადებას ეხმაურებიან, სადაც მან თქვა, რომ უსაფრთხოების ზომები თავად არ დაიცვეს და კომპანია არაფერ შუაშია. EMC-ში ამბობენ, რომ მიუხედავად ამ განცხადებისა, კანონის თანახმად, პასუხისმგებლობა შრომის უსაფრთხოებასა და ზოგადად სამშენებლო უსაფრთხოებაზე უშუალოდ დამკვეთს ეკისრება.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ასევე განმარტავენ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარი არ არის მხოლოდ ინდივიდუალური მუშის დაუდევრობაზე, არამედ საქმე ეხება უსაფრთხოების სისტემურ გაუმართაობას.
„თუ რეალურად გამოიკვეთება მუშების პასუხისმგებლობა, არ გამოირიცხება კომპანიის პასუხისმგებლობა, რადგანაც კომპანიას გააჩნია კანონმდებლობის თანახმად შრომის უსაფრთხოებაზე და სამშენებლო უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის განხორციელების ვალდებულება. ამ შემთხვევაში ასევე უნდა შეფასდეს, რატომ გახდნენ მუშები მსგავსი განცხადების გაკეთების იძულების ქვეშ. შესაძლებელია ფაქტობრივი გარემოებები აიძულებდნენ მუშებს, მსგავსი პოზიცია დაიკავონ,“-აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი ეთო გვრიტიშვილი.