თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების ბრალდებებს მმართველი პარტია ეხმაურება. საუბარია შეთანხმებაზე, რომლის მიხედვითაც ბექა ოდიშარია სახელმწიფოს საკუთრებაში თაბორის მთაზე მდებარე 3 ათასი კვადრატული მიწის სანაცვლოდ, მუხიანში ათჯერ მეტ ფართობს მიიღებს.
საკრებულოს ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ კორუფციაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ „ოცნების“ დეპუტატს გაცილებით დიდი თანხის ღირებულების ნაკვეთს აძლევენ.
თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე კი თვლის, რომ ოპოზიციის პრეტენზიები უსაფუძვლოა. რევაზ სოხაძის განცხადებით, ბექა ოდიშარიას მუხიანში, თაბორის მთაზე მდებარე მიწის ნაკვეთის ღირებულების შესაბამისი ფართი გადაეცემა.
„ამ მშენებლობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში იყო აზრი, რომ არ უნდა აშენებულიყო. შესაბამისად, ჩემი კოლეგები მერიაში მათშორის ფიქრობენ რომ აქ მსგავსი შენობების განთავსება არ არის მიზანშეწონილი. მათ შორის ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგებიც ამას ითხოვდნენ და მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ განხორციელდეს მონაცვლეობა. სხვა მექანიზმი მშენებლობის არ განხორციელების არ არსებობს. ამიტომ დღეს ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მესაკუთრის ნების გათვალისწინებითაც ანუ ისიც დათანხმდა მონაცვლეობას, რომ ჩვენ აღნიშნული ტერიტორია ჩავუნაცვლოთ მას სხვა ტერიტორიაში,“-განაცხადა რევაზ სოხაძემ.
გადაწყვეტილებას საკრებულომ კენჭი დღეს უნდა იყაროს. ოპოზიცია ხმაურიან სხდომას აანონსებს.