ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნებით 10 ბავშვი შეიყვანეს, მათ შორის ერთი შვიდი თვის გოგონაა, ყველაზე უფროსი კი 11 წლის არის. ათივე ბავშვი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 4 რეანომობილით გადაჰყავთ.
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის ექიმის ინფორმაციით, არასრულწლოვნებს ღებინება და ზოგადი სისუსტე აღენიშნებათ. მისივე თქმით, ბავშვებს შორის 5-6-თვიანი ასაკობრივი სხვაობაა.
ბავშვები ზუგდიდში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ქალთან ერთად ცხოვრობდნენ.
არსებული ინფორმაციით, ისინი უკრაინის მოქალაქეები არიან და აღნიშნული ბინა გუშინ იქირავეს.
უკრაინის მოქალაქე ამტკიცებს, რომ ბავშვები მისი შვილები არიან და ამბობს, რომ აქვს დოკუმენტი, სადაც დაფიქსირებულია არასრულწლოვანი შვილის საზღვარგარეთ გაყვანის თანხმობა. მან ჟურნალისტების სხვა კითხვებს პასუხი არ გასცა.
ადგილობრივების თქმით, ბავშვები მთელი დღის განმავლობაში ტიროდნენ, რის შემდეგაც მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.
„ამბობდა, რომ იყო უკრაინიდან. ამ 10 ბავშვიდან 4 იყო მცირეწლოვანი, 2 წლამდე ასაკის, დანარჩენები იყვნენ 6 წლის, 7 წლის, 9 წლის, ზუსტად ვერ გეტყვით. იყვნენ ძალიან ცუდ მდგომარეობაში, საკვები არ ჰქონდათ, ჩასაცმელი არ ჰქონდათ,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ადგილობრივებს ეჭვი აქვთ, რომ ქალს ბავშვები აფხაზეთში გასაყიდად გადაყავდა. ტრეფიკინგის ბრალდებას უარყოფს მამაკაცი, რომელმაც ბინა იქირავა და აცხადებს, რომ ბავშვების მამაა.
შსს-ს სპეციალური ჯგუფი საქმეს იძიებს.