ნუცუბიძის 26 ნომერში მცხოვრებლების აქციას სამშენებლო კომპანიის ადვოკატი გამოეხმაურა.
მისი თქმით, მშენებლობა კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.
ნუცუბიძის 26 ნომერში მცხოვრებთა ნაწილი 22-სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს და მის შეჩერებას მოითხოვს.
აქციას დღეს სამოქალაქო მოძრაობის თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილიც, შეუერთდა. ელისაშვილი ამბობს, რომ კორპუსის აშენება ადგილობრივებისთვის კატასტროფულ შედეგებს გამოიღებს.
ადვოკატი ვეფხვია გელაშვილი აცხადებს, რომ ნორმების დაცვით მიმდინარეობს მშენებლობა.
„მინდა, ვუპასუხო ბატონ ალეკო ელისაშვილს, რომელსაც არანაირი კავშირი არა აქვს მაგ ტერიტორიასთან. არც კი შეუსწავლია, რომ ის ნორმები, რომლებზეც ამახვილებს ყურადღებას, თუნდაც ამ პროექტით იქ როგორი სკვერია გათვალისწინებული, თუ ნახავს და დაინტერესდებიან, თუნდაც ის მოსახლეობა, ძალიან მომხიბვლელი იქნება მათთვის,“ - განაცხადა ვეფხვია გელაშვილმა.
მშენებლობის ნებართვა რომ უკანონოდ არის გაცემული, ამაზე საუბრობს ადვოკატი სალომე აბესლამიძე. მისი თქმით, ადგილობრივების უფლებები ილახება.
„მშენებლობის ნებართვა გაცემული არის უკანონოდ, ილახება ამ ადამიანების უფლებები იმ კუთხით, რომ ხედი იფარება, სავალი გზა იკეტება, ვერ მოხდება აქ სახანძრო და სამედიცინო საშუალებების შემოსვლა. რეალურად, ვაკუუმში ხდება ადამიანების მოქცევა და ისინი ფანჯრიდან რომ გამოიხედებიან, მათ წინ უზარმაზარი კორპუსი იქნება აშენებული,“ - განაცხადა სალომე აბესლამიძემ.