17 ნოემბერი 2024,   15:36
ვრცლად
"თითოეული ადამიანი იქნება იდენტიფიცირებული, ვინც გაბედა პოლიციელზე თავდასხმა და იქნება დასჯილი"-გიორგი გახარია

პანკისში მომხდარი შეტაკებების დროს ათობით ადამიანი დაშავდა. მათი დიდი ნაწილი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. დაშავებულებს შორის არიან სამართალდამცავებიც, რომლებიც შს მინისტრმა მოინახულა.

გიორგი გახარიამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოხდება ყველა კადრის გაშიფვრა  და ყველა ის პირი, ვინც სამართალდამცველებზე იძალადა, უმკაცრესად დაისჯება.

„აქ გვყავს ჩვენ 34 დაზარალებული პოლიციის თანამშრომელი. ძირითადად ეს გახლავთ ნასროლი ქვების შედეგად მიღებული დაზიანებები. რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, რომ თითოეული ადამიანი იქნება იდენტიფიცირებული და თითოეული ადამიანი, რომელმაც გაბედა პოლიციელზე თავდასხმა იქნება შესაბამისად დასჯილი,“-განაცხადა გიორგი გახარიამ.

თელავის რეფერალური საავადმყოფოში კი ამბობენ, რომ კლინიკაში მკურნალობას 30 დაშავებული გადის და არც ერთ მათგანს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვს.

„ამ ეტაპისთვის კლინიკაში შემოყვანილია 30 დაშავებული. აქედან 27 სამართალდამცავი, ერთი ჟურნალისტი, ორი მოქალაქე. აღენიშნებათ ძირითადი დაზიანებები თავის და სახის არეში. არის ზედაპირული დაზიანებები, ასევე კიდურებზე. თუმცა სიცოცხლესთან შეუთავსებელი არც ერთი დაზიანებაა,“-განაცხადა თელავის რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერმა ხათუნა ჭონიაშვილმა. 

ავტორი: მიხეილ სესიაშვილი.

დღის ამბები