ადამიანები, რომელთაც სიღარიბის გამო საკვების გრამობით შეძენა უწევთ - თეონა არველაძე, რომელიც მარტოხელა დედაა, ყოველდღიურად ურთულესი დავალებების შესრულება უწევს. მისი მისიაა, როგორმე საკვები იყიდოს. მანის ბურღულს ან შაქარს მხოლოდ გრამობით ყიდულობს.
თეონა ამბობს, რომ სახელმწიფო უკიდურეს გაჭირვებაში ჩავარდნილ ადამიანებზე უნდა ზრუნავდეს, ფინანსურად თუ არ დაეხმარებიან, სამუშაო ადგილები მაინც უნდა არსებობდეს.
კიდევ ერთი უკიდურესად გაჭირვებული ოჯახი სოფელ ობჩაში, პატარიძეების ოჯახია. სახლში ხუთი ადამიანი ცხოვრობს. სოციალურ დახმარებას იღებენ, ბებიას პენსიაც აქვს, თუმცა თანხის უმეტეს ნაწილს ბანკში ტოვებენ, რომელიც საკვებისა და წამლების საყიდლად აიღეს.
მთავარია შვილიშვილს აჭამოს, თავად დღეები მშიერი რჩება. აღდგომა მოდის, კვერცხიც არ აქვს, რომ შეღებოს, ყველზე მეტად კი იმაზე ნერვიულობს, რომ ქმრის საფლავზე ხელცარიელი გავა. ოჯახის სადილი პურია, მხოლოდ ყველაზე პატარასთვის საკმარის კერძს აკეთებენ, დანარჩენებს ასე მოუწევთ გამოკვება. მათი საარსებო მინიმუმი 361 ლარია, გამოდის რომ 5-მა ადამიანმა დღეში 2 და 40 უნდა იმყოფინოს.
მათ რეალობაში წამლები ძვირია, დახმარება მცირე, სამსახურს ვერ შოულობენ და დაპირებების მიუხედავად, მთავრობა ამის შესაცვლელად ვერც ვერაფერს აკეთებს, ყოველ შემთხვევაში ამ ხალხის რეალობაში მათი გაკეთებული არ ჩანს. მხოლოდ დაპირებები და სიტყვები ისმის, რითაც ამ ადამიანების ცხოვრება არ იცვლება.