17 ნოემბერი 2024,   15:35
ვრცლად
„დაგვანახეს ძალა. გამომწვევად იქცეოდნენ, ბიჭებს ეძახდნენ, თუ მაგარი ბიჭები ხართ, მოდითო" - პანკისის მკვიდრი

პანკისში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მოსახლეობასაც ეკისრება და ხელისუფლებასაც - ასეთია ლუიზა მუთოშვილის შეფასება.

პანკისში მცხოვრები ლუიზა მეთოშვილი ამბობს, რომ მოსახლეობა ერთი წელი ითხოვდა სპეციალისტების ჩართულობით დისკუსიას, რომ დარწმუნებულიყო ჰესის მშენებლობის უსაფრთხოებაში. თუმცა, მისივე თქმით, ხელისუფლება პანკისში შევიდა სპეცრაზმით.

მიუხედავად ამისა, ლუიზა მეთოშვილი ამბობს, რომ მოსახლეობის მხრიდან შესაძლებელი იყო, გამოყენებული ყოფილიყო უფრო დემოკრატიული მეთოდები.

„ინციდენტი, რომელიც მოხდა აქციის დროს სოფელ ძიბახევში, ჩვენ თვითკრიტიკულები ვართ ამ ნაწილში და მივიჩნევთ, რომ ის პროტესტის ფორმა, რომელიც ჩვენი მხრიდან იყო გამოყენებული, შეიძლებოდა, გაცილებით დემოკრატიული  ყოფილიყო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია მთელი ამ პროცესის დაკვირვება და იმაზე მსჯელობა, როგორც ჩვენი მხრიდან, ასე მთავრობის მხრიდან და კომპანიის მხრიდან, რამ მიიყვანა ზოგადად მოსახლეობა, ამ ფორმით გამოეხატა თავიანთი პროტესტი,“ - განაცხადა ლუიზა მუთოშვილმა.

მისივე თქმით, პანკისის ხეობას ახსოვს სხვადასხვა მთავრობების მხრიდან ძალის დემონსტრირება და იგივე მოხდა ორი დღის წინაც.

ლუიზა მუთოშვილის თქმით, საჭირო არ იყო სპეცრაზმის გამოყენება. მისი ინფორმაციით, მოსახლეობა მხოლოდ იმას ითხოვდა, რომ ჰესის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს გასაუბრებოდა.

„კარგად ჩანს ის, რომ ამ პროცესში პასუხისმგებლობის ნაწილის მარტო მოსახლეობისთვის აკიდება არის დაუშვებელი. ამიტომ ორივე მხარეს მოგვიწევს გაანალიზება იმ პროცესის, რეალურად რა მოხდა,“ - განაცხადა ლუიზა მუთოშვილმა.

მისივე თქმით, ორი დღის წინ სპეცრაზმმა მოახდინა მოსახლეობის პროვოცირება. ლუიზა მუთოშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცოდა პანკისელების ხასიათი და იცოდა ისიც, რა ტიპის პროტესტი შეიძლება, ამას მოჰყოლოდა. აქედან გამომდინარე, ლუიზა მუთოშვილი ფიქრობს, რომ ადგილობრივების პროვოცირებით მთავრობამ საზოგადოებას დაანახა, თუ როგორი მოსახლეობა ცხოვრობს პანკისის ხეობაში და ის, რომ მათთან ძალის მიერი მეთოდებით საუბარია აუცილებელია.

„დაგვანახეს ძალა. გამომწვევად იქცეოდნენ. ბიჭებს ეძახდნენ, თუ მაგარი ბიჭები ხართ, მოდითო,“ - განაცხადა ლუიზა მუთოშვილმა.

ლუიზა მუთოშვილი აცხადებს, რომ, თუკი მასობრივი დაკავებები დაიწყება, მაშინ პანკისის ხეობის ყველა მკვიდრი ჩავა თელავში და მოითხოვს, რომ ყველა დააკავონ, რადგან ხეობის დაცვაში ყველა იყო ჩართული.  

დღის ამბები