17 ნოემბერი 2024,   15:53
ვრცლად
პოლიციის ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი - კაჭრეთის პოლიციაში ზვიად მთავრიშვილის ​ახლობლების გამოკითხვა დაიწყო 

ზვიად მთავრიშვილის გარდაცვალების საქმე - სამართალდამცველები ამ წუთებში გარდაცვლილის ახლობლებს კითხავენ.  გამოძიება მომხდარზე, „კურიერის“ ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ დაიწყო, სადაც გარდაცვლილი მამაკაცის ახლობლები ამბობდნენ, რომ მთავრიშვილი პოლიციის ძალადობის მსხვერპლია და ის პოლიციის განყოფილებაში მიყენებული ფიზიკური დაზიანებით გარდაიცვალა.

დაკითხვიდან გამოსული მოწმეები ამბობენ, რომ მათ გამოძიებას დეტალურად უამბეს, რასაც ზვიად მთავრიშვილი გარდაცვალებამდე ჰყვებოდა. მათი თქმით, მთავარია გამოძიება ობიექტურად ჩატარდეს. ზვიად მთავრიშვილის ახლობლებს ეჭვი აქვთ, რომ შესაძლოა შს სამინისტრომ დანაშაული დაფაროს. 

დაკითხვაზე იმყოფება ყველა ის პირი, ვინც „კურიერის“ ეთერში, ზვიად მთავრიშვილის სიკვდილის გარემოებებზე საუბრობდა და მისი გარდაცვალების საქმეში სამართალდამცველების ბრალეულობაზე მიუთითებდა.

„თვითონ მომიყვა ყველაფერს როგორ წაიყვანეს,როგორ სცემეს. პატრული გამოიძახა ოჯახმა მერე ეს ჩასვეს გზაში ძალიან სცემეს, მერე ჩამომაგდეს განყოფილების წინ იქაც მცემესო და მერე გამოუშვეს. ყველაფერი აკინძულია ექსპერტიზაზე რა დასკვნას დადებენ. ექსპერტიზა თუ გაყალბდა,როგორც წესია ხოლმე საერთოდ ბევრ საქმეებში, მაშინ თაროზე შემოიდება საქმე, თუ ექსპერტიზა არ გაყალბდა მაშინ მიეცემა მიმართულება,“- ამბობს თამილა ლაზაშვილი.

ზვიად მთავრიშვილის და თელავში იმყოფება, ის კონსულტაციას გადის ადვოკატებთან. ამ დრომდე გამოძიებას გარდაცვლილის ოჯახის წევრები არ დაუკითხავს. ექსპერტიზის პასუხები კი ერთ თვეში გახდება ცნობილი.

დღის ამბები