ნახევარ გრამზე მეტი კოკაინი, 2 ნატეხი კლუბური ნარკოტიკი - ექსტაზი და მარიხუანის მცირე დოზა - შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოების პროტესტის შემდეგ იძულებული გახდა, იმ ნარკოტიკების ჩამონათვალი გაესაჯაროებინა, რომელიც ჩხრეკის დროს მსახიობ ლევან ჯიბღაშვილის ავტომობილში აღმოჩნდა. ადვოკატი აცხადებს, რომ ამ ინფორმაციას სამი დღის განმავლობაში დაცვის სტრატეგიის გამო მალავდა.
ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით დაკავებულების შესახებ ინფორმაციის გავრცელების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვის ასაჯაროებს ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერებების შესახებ ინფორმაციას.
გამონაკლისი ჯიბღაშვილის საქმე იყო. ინფორმაციის დამალვამ საზოგადოებაში გააჩინა ეჭვი, რომ მსახიობსა და ბიზნესმენს ძალოვანები მფარველობდნენ. „გირჩის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ვერ იხსენებს შემთხვევას, როდესაც კოკაინის შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული პირი გირაოთი გაათავისუფლეს.
მესამე სექტორი ხელისუფლებას შერჩევით სამართალში ადანაშაულებს და იმ ახალგაზრდებს ახსენებს, ვინც ნარკოტიკების მიკროდოზების გამო ციხეში ზის.
მსახიობისა და ბიზნესმენის დაკავების შემდეგ სოციალურ ქსელში ლევან ჯიბღაშვილისა და შს მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის ფოტოები გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, საბანაძე ჯიბღაშვილის ახლო მეგობარია.
გავრცელებული ცნობით, დაკავების დროს მსახიობი საპატრულო პოლიციას სწორედ შს მინისტრის პირველ მოადგილესთან დარეკვას სთხოვდა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია გათავისუფლების შემდეგ ბიზნესმენმა უარყო.
ლევან ჯიბღაშვილი სასამართლომ 10 ათას ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა. სასამართლო გადაწყვეტილებას იმ ოჯახების პროტესტი მოჰყვა, ვისი შვილების პროკურატურამ ნარკოდანაშაულისთვის ციხეში ჩასვა.
მსახიობი და ბიზნესმენი ლევან ჯიბღაშვილი 10-ზე მეტი კომპანიის მფლობელია. მას ეკუთვნის ჩაიხანების ქსელი, საბავშვო ცენტრები "ნერველენდი", კომპანია "სექრეთ რუმი" და "კომპანია სუსი".