დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა ისევ აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს აქვთ ჩაკეტილი. მას შემდეგ, რაც „კურიერმა“ 15:00 საათზე ეთერში აზერბაიჯანელი ძალოვნების ექსკლუზიური კადრები გაავრცელა, რომლებსაც აღდგომის ტაძრისკენ მიმავალ გზაზე ახალი ბილიკები გაჰყავდათ, პროცესი შეაჩერეს. მესაზღვრეების ნაწილი უკან ბაზაზე დაბრუნდა, თუმცა გზა მონასტრამდე ისევ ჩაკეტილია.
ცოტა ხნის წინ „კურიერმა“ გადაიღო კადრები, თუ როგორ არ შეუშვეს ტურისტები გამოქვაბულებისკენ, იქ სადაც უნიკალური ფრესკებია. ისინი მცირე ხნით შეაყოვნეს, რის შემდეგაც ტურისტებთან ქართველი მესაზღვრეები მივიდნენ და ბილიკიდან ამოიყვანეს.
აზერბაიჯანელ მესაზღვრეები ჟურნალისტების მისამართით აგრესიით გამოირჩევიან. ისინი მედიის წარმომადგენლებს უპირისპირდებიან, რათა კამერით არ გადაიღონ.
უკვე ოთხი დღეა, ტერიტორიაზე არც ბერებს და არც მომლოცველებს არ უშვებენ. დღეს დილით კი „კურიერმა“ გადაიღო ექსკლუზიური კადრები, სადაც ჩანს, როგორ თხრიან აღდგომის ტაძრისკენ მიმავალ ახალ ბილიკებს აზერბაიჯანელი მესაზღვრეები. მათ ბილიკი ამოჰყავთ, რათა აზერბაიჯანის მხრიდან აღდგომის ტაძარს მიუდგნენ. სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.