გუდამაყრის ხეობაში 5 ათასი კვადრატული ფართობი დაიწვა. მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. სამაშველო სამსახურებმა ნახანძრალ ტერიტორიაზე მუშაობა უკვე დაასრულეს. ხანძარს მთელი ღამის განმავლობაში 80 მეხანძრე-მაშველი აქრობდა.
რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. გუდამაყრის გამგებელი ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზზე საუბრობს. მალხაზ წიკლაურის თქმით, ქედთან ახლოს მდებარე საფლავები წინასააღდგომოდ მოქალაქეებმა დაასუფთავეს, რაც, მისი ვარაუდით, შესაძლოა, ხანძრის გაჩენის მიზეზი გამხდარიყო.
„ადგილობრივებს რომ არ სცოდნოდათ ეს ბილიკები, ისინი ნამდვილად ვერ მიაგნებდნენ. ვიღაცამ სიბოროტით გააკეთა. ასეთი რაღაც წარმოუდგენელია. ამ ხელუხლებელ ბუნებას და ხელთუქმნელ ბუნებას ვიღაცამ ბოროტების თვალით შეხედოს. მე მაქვს ვარაუდი და მთელი გუდამაყრის ხეობის ვარაუდია, რომ ვიღაცამ სასაფლაოები, თავისი წინაპრების საფლავები დაასუფთავა, ცეცხლი მოუკიდა და მაიდან გავრცელდა,“- განაცხადა გუდამაყრის გამგებელმა, მალხაზ წიკლაურმა.
გამგებლისგან განსხვავებით ხეობის მცხოვრებლები განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ. ისინი უკანონო ნადირობის ფაქტებს არ გამორიცხავენ. თუმცა გუდამაყრის ხეობაში „კურიერის“ ჟურნალისტი მეტყევე უკანონო ნადირობის ფაქტებს არ ადასტურებს.
„ვიღაცამ სიგარეტი გადააგდო, ხმელი ფოთოლი და ტყე იყო და მოეკიდა,“-განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა.