17 ნოემბერი 2024,   15:26
ვრცლად
9 სულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ რჩება - სავარაუდო თაღლითობის გამო მათი სახლი იპოთეკით დაიტვირთა და აუქციონზე გაიყიდა

9 სულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ რჩება. სავარაუდოდ, თაღლითობის გამო მათი საცხოვრებელი იპოთეკით დაიტვირთა და აუქციონზე გაიყიდა. მრავალშვილიან ოჯახს, სავარაუდოდ, 15 მაისს გამოასახლებენ. მათი თქმით, გაყალბებული ხელმოწერით დაკარგეს ქონება, რომელსაც გოგი მარიამული სოფელ დიღომში საკუთარი ხელით აშენებდა.

ოჯახი გამოსახლებამდე საკუთარმა ვაჟმა მიიყვანა, მინდობილობის გაყალბებით სახლი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში იპოთეკით დატვირთა და გამოტანილი 16 ათასი ამერიკული დოლარი უკან არ დააბრუნა. ოჯახმა ამის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 1300 კვ. მეტრი ეზო და სახლი აუქციონზე გასაყიდად გაიტანა.

გოგი მარიამულს ბანკში განუცხადეს, რომ დოკუმენტაციის გაყალბების მიუხედავად, თანხა მას უნდა გადაეხადა. მარიამულმა 3 ათასი დოლარი გადაიხადა და დანარჩენის დაფარვის პირობაც დადო, თუმცა მიკროსაფინანსომ სახლი და მიწის ნაკვეთი გასაყიდად აუქციონზე მაინც გაიტანა.

აუქციონზე სახლი 40 ათას ლარად ენვერ ბარდაქმა შეისყიდა. გოგი მარიამულმა მოლაპარაკება ახალ მესაკუთრესთანაც სცადა, თუმცა უშედეგოდ. თუ ბინის მესაკუთრე გამოსახლებაზე უარს იტყვის, ოჯახი მზად არის, წლის ბოლომდე 50 ათასი ლარი გადაიხადოს. ენვერ ბარდაქისთვის ოჯახის პრეტენზიები მიუღებელია.

ბარდაქმა ზარალის ანაზღაურება სასამართლოს ძალით მოითხოვა და მარიამულებს დამატებით 15 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. ქონების გაყიდვის საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო თაღლითობის მუხლით იძიენს. თემურ მარიამული ამ მუხლით უკვე 6 თვეა სხვა საქმეზე დაკავებულია. ოჯახს უწყებამ დაზარალებულის სტატუსიც მიანიჭა.

 

დღის ამბები