17 ნოემბერი 2024,   15:35
ვრცლად
მძიმე დიაგნოზამდე მამა გიორგი მამალაძე ციხეში მიიყვანეს - "კურიერმა" დასკვნა მოიპოვა

მამა გიორგი მამალაძე ციხეში წამების მსხვერპლია და სახეზეა ევროკონვენციის მუხლების დარღვევა - ამ დასკვნამდე ის ექსპერტები მივიდნენ, რომლებმაც პატიმარი მღვდლის კომპლექსური ექსპერტიზის შედეგები წაიკითხეს.

კურიერმა მოიპოვა კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც რუსთავი2 ოჯახის ნებართვით ასაჯაროებს.  

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, ქეთევან გელაშვილის, დასკვნიდან ირკვევა, რომ სამარტოო საკანში გატარებული 780 დღის შემდეგ მამა გიორგი მამალაძემ უმძიმესი სტრესი მიიღო, ციხის ადმინისტრაციამ კი ხელი შეუწყო, რომ მღვდლის მდგომაროება კიდევ უფრო დამძიმებულიყო, რაც მისი ჰოსპიტალიზაციით დასრულდა. უკვე ორი თვეა, დეკანოზი საავადმყოფოშია.

დოკუმენტებით ირკვევა, რომ მღვდელი ვიდეოკამერების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არის, აღსარების თქმაც კი სათვალთვალო კამერების წინ უწევდა.

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პირობები, რომელშიც დეკანოზი სასჯელს იხდის, წამებასთანაა გათანაბრებული.

შერეული დისოციაციური აშლილობა, მოტორული და სენსორული დარღვევებით - ეს არის დიაგნოზი, რომელიც ფსიქიატრებმა პატიმარ მღვდელს დაუსვეს.

მამა გიორგის ძმა, თორნიკე მამალაძე, ამბობს, რომ ციხეში მისი ძმა წამების მსხვერპლია. სამედიცინო დასკვნაში აღწერილ ფაქტებს კამერის წინ ადასტურებს წმინდა სინოდის წევრი, მეუფე მელქისედეკი.

დეკანოზი გიორგი მამალაძე წელსაც აღდგომას სამარტოო საკანში შეხვდება. დაპირების მიუხედავად, საპატრიარქომ პრეზიდენტს პატიმარი მღვდლის შეწყალება არ სთხოვა. მეუფე პეტრე პასუხისმგებლობას პატრიარქს აკისრებს.

პატიმარი მღვდლის ოჯახმა წითელ პარასკევს აღმოჩინა, რომ საპატრიარქომ მოატყუა. მამა გიორგის ძმასა და მღვდელმთავრებს შორის არსებობდა არაფორმალური გარიგება. ოჯახი აქციებს შეწყვეტდა, მღვდელი ციხეში გაჩუმდებოდა, ვნებათაღელვა შეწყდებოდა, ამ დროს კი საპატრიარქო პრეზიდენტს შეწყალების აქტის გამოცემას სთხოვდა.

თორნიკე მამალაძე დუმილს არღვევს და აცხადებს, რომ საპატრიარქოს მაღალი იერარქიის სასულიერო პირები დეკანოზს ბინძურ გარიგებას სთავაზობდნენ. მამა გიორგის ძმის თქმით, გარიგების თანახმად, დეკანოზს უნდა დაეწერა წერილი, რომ ყველაფერი, რასაც საპატრიარქოსა და შორენა თეთრუაშვილზე ამბობდა, ტყუილი იყო, ამის სანაცვლოდ კი ის თავისუფლებას მიიღებდა. თუმცა მამალაძემ ამ გარიგებას სასჯელი ამჯობინა.

პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი კურიერთან სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ დეკანოზის შეწყალებაზე საუბარი საპატრიარქოში არასდროს ყოფილა.

დღის ამბები