ჰოლანდიური ყველი საუკუნეებს ითვლის და თითქმის ყველა ქვეყანაში მოთხოვნადი პროდუქტია. საიდუმლო მის მაღალ ხარისხშია. სანამ ყველი სუფრაზე მოხვდება, გზად კონტროლის ყველა ეტაპს გადის. ფერმიდან სუფრამდე სრული ჯაჭვია, რომლის ყოველი რგოლი შემოწმებულია.
როგორ უნდა მოწესრიგდეს ფერმა ისე, რომ ფერმერი კმაყოფილი იყოს და უფრო მეტი რძე მიიღოს, ამისთვის სპეციალური კვლევები ტარდება ჰოლანდიაში. ნიდერლანდები მსოფლიოში საკვების ექსპორტით მეორე ადგილზეა, ამიტომ ვაგენინგის უნივერსიტეტის ბაზაზე გაკეთებულია კვლევითი და რენოვაციის ცენტრი, უზარმაზარი ფერმით. სურსათის უვნებლობა მათთვის გამოწვევა დიდი ხანია აღარ არის, უკვე აწყობილი სისტემაა და ახლა ცდილობენ ფერმერებს მუშაობა კიდევ უფრო გაუადვილონ.
სურსათის უვნებლობა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი მოთხოვნაა. ევროკავშირის დაფინანსებითა და დახმარებით, საქართველოში სპეციალური პროგრამა შეიქმნა, რომელიც სურსათის ეროვნულ სააგენტოს შეთანხმების მოთხოვნების შესრულებაში ეხმარება.
ექსპერტი ეკატერინე ბურკაძე ამბობს, რომ საბოლოოდ ჯანსაღი პროდუქტის მისაღებად აუცილებელია, ევროკავშირის ქვეყნების მსგავსად კონტროლდებოდეს ყველა საფეხური ფერმიდან საკვების მოხმარებამდე.
გამოწვევა ბევრია, თუმცა თუ ყველა ეტაპზე სათანადო კონტროლი და რეგულაცია იქნება საბოლოოდ ჯანსაღ საკვებს მივიღებთ, რაც ამ ხელშეკრულების მიზანია. ამის დანერგვა კი სახელმწიფოს, მეწარმეებისა თუ მომხმარებლების დახმარებით უნდა მოხდეს.