17 ნოემბერი 2024,   15:25
ვრცლად
ყოფილი პატიმარი ქალი დასაქმებას ითხოვს-უსახსრობის გამო ირმა ტუღუში მინდობით აღზრდაში მყოფი შვილების დაბრუნებას ვერ ახერხებს

გამოუვალი მდგომარეობა, რომელშიც ყოფილი პატიმარი ქალი აღმოჩნდა - ირმა ტუღუში, როგორც თავად ამბობს შვილებთან ცხოვრებას ვერ ახერხებს. მიზეზი კი უსახსრობაა. ყოფილი პატიმარი აცხადებს, რომ ის სამსახურის პოვნას ვერ ახერხებს, რადგან ნასამართლევია.

ირმა ტუღუში თაღლითობის ბრალდებით საპატიმროში ორჯერ იჯდა. პირველად ციხეში 7 წელი და 4 თვე გაატარა, მეორედ კი წელიწადზე ნაკლები. საპყრობილე შეწყალებით დატოვა.

ირმა ტუღუში საზოგადოებაში არსებულ სტიგმაზე საუბრობს და ამბობს, რომ ნდობის მოპოვება ძალიან უჭირს.

საპატიმროს დატოვების შემდეგ, ირმა ხან ერთ ახლობელთან ცხოვრობს, ხან მეორესთან. ამბობს, რომ სამსახურის პოვნის შემთხვევაშიც კი, ხელფასი იმდენად მიზერულია, რომ ბინის ქირის გადახდას მაინც ვერ შეძლებს.

ირმა ორჯერ იყო გათხოვილი და სამი შვილის დედაა, უფროსი შვილი სრულწლოვანია ახლა სხვა ქალაქში, მამასთან ერთად ცხოვრობს. ირმას მეორე ქმარს დღეს საკუთარ შვილებთან ურთიერთობა აღარ აქვს.

ირმას ორი მცირეწლოვანი შვილი ახლა მცირე ტიპის ბავშვთა სახლში ცხოვრობს.

ირმა ტუღუშს მშობლის უფლებები 2011 წელს ჩამოერთვა, როცა პირველად მოხვდა საპატიმროში.

მშობლის უფლებების დასაბრუნებლად ირმას ბინა და სასამართლოში ბაჟის შეტანა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში შვილებთან ერთად ცხოვრებას ვერ შეძლებს.

ავტორი: რუსუდან გიორგაძე.

დღის ამბები