17 ნოემბერი 2024,   15:29
ვრცლად
კვარაცხელიას გარდაცვალება - "ემპათია" შსს-სა და პროკურატურისგან ნაბაკევის ბაზის მეთაურის ვინაობის დადასტურებას და ინტერპოლით ძებნის გამოცხადებას ითხოვს

ირაკლი კვარაცხელიას ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმე - წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი საგამოძიებო უწყებებისგან, რუსული სამხედრო ბაზის მეთაურის ვინაობასთან დაკავშირებით ინფორმაციის დადასტურებას და მასზე წითელი ცირკულარით ძებნის გამოცხადებას ითხოვს. ცენტრი "ემპათია" პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილით, ხვალ მიმართავს.

"კურიერმა" ნაბაკევის ბაზის მეთაურის ვინაობის დადგენა მარტივად შეძლო - ის სერგეი იატინია.

29 წლის ირაკლი კვარაცხელია გალში, ნაბაკევის ბაზაზე ჩამომხრჩვალი 12 მარტს იპოვეს.

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრში კვარაცხელიას საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების გამოძიებასთან დაკავშირებით არსებულ კითხვის ნიშნებზე საუბრობენ და არ გამორიცხავენ, რომ საგამოძიებო პროცესის წარმოებას საქართველოს ხელისუფლება განზრახ აჭიანურებდეს.

„ჩვენი ძალებით დავადგინეთ სახელი და გვარი რუსეთის სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობის, გალის რაიონში, ნაბაკევში მდებარე, სადაც მოხდა კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალება და ჩვენ გვინდა მივმართოთ პროკურატურას და შს სამინისტროს, რათა დაიწყონ სამართლებრივი დევნა ამ ადამიანების მიმართ და დაადასტურონ რომ არის თუ არა მართლაც ეს ადამიანები. მანამდე ჩვენ მიმართული გვქონდა, რომ დაედგინათ და დაეწყოთ ძებნა, თუმცა ჯერ ამ მიმართულებით რაიმე გარკვეული პასუხი, არც სუს-ისგან, არც შს სამინისტროსგან და არც პროკურატურიდან მიგვიღია. აუცილებელია დაჩქარდეს ეს მოვლენები, იმიტომ, რომ ჩვენ საკმაოდ ლიმიტირებული დრო გვაქვს იმისათვის, რომ მოვემზადოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელის შესატანად,“-აცხადებს წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ ”ემპათიას” დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი.

დღის ამბები