17 ნოემბერი 2024,   15:24
ვრცლად
როდის მოხდება ქართველ მეთაურებზე შურისძიება არავინ იცის - ქართველი გენერლები 2008 წლის ომსა და კრემლის შურისძიებაზე საუბრობენ

შეკვეთილი მკვლელობები და რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილე უკრაინელი სამხედროები კრემლის შავ სიაში - თავდაცვის ყოფილი მაღალჩინოსნები თბილისში იმ სკანდალურ ინფორმაციას ეხმაურებიან, რომელზეც "შაბათის კურიერისთვის" მიცემულ ინტერვიუში ქალაქ როვნოს ციხეში მყოფმა "ქილერმა" ისაუბრა.

შვიდი უკრაინელი სპეციალისტი, ვინც ჩვენს ქვეყანას რუსეთისგან საჰაერო თაბდასხმისგან იცავდა, მოსკოვის შავ სიაში მოხვდა და ФСБ-მ მათი მკვლელობა შეუკვეთა.
"შაბათის კურიერთან" ოლეგ სმოროდინოვმა აღიარა, რომ რუსულმა სპეცსამსახურებმა, შურისძიების მოტივით მას უკრაინელი სამხედროების ლიკვიდაციის დავალება მისცეს, რადგან მოსკოვში ფიქრობენ, რომ ქართველმა ჯარისკაცებმა ომის დროს რუსული თვითმფრინავები მათი დახმარებით ჩამოაგდეს.

ამ დრომდე პასუხგაუცემელია კითხვა, ვინ გადასცა რუსულ სპეცსამსახურებს, უკრაინელი სამხედროების მონაცემები, ვინც საქართველოში აგვისტოს ომამდე საჰარეო თავდაცვის სისტემები დააყენა. ქართველი გენერლები ამბობენ, რომ ეს ინფორამაცია მკაცრად გასაიდუმლოებული უნდა ყოფილიყო. 

გენერალი მამუკა ყურაშვილი, რომელიც 2008 წელს სამშვიდობო ჯარებს სარდლობდა, ამბობს, რომ ზიანი, რომელიც რუსულმა რეგულარულმა ჯარმა მიიღო, მას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ განუცდია.

ყურაშვილის თქმით, სწორედ ამიტომ გასაკვირი არ არის კრემლის შურისძიების სურვილი. თუმცა მისი თქმით, ზიანი გაცილებით დიდი იქნებოდა უკრაინელ სამხედროებს ქართველებთან ერთად რომ ებრძოლათ. ყურაშვილი ამბობს, რომ უკრაინელებმა მხოლოდ აგრეგატები ჩამოიტანეს და დაამონტაჟეს და ეს ომამდე დიდი ხნით ადრე მოხდა.

"ძალიან დიდი დარტყმა მიიღო რუსულმა ავიაციამ 2008 წელს, ეს იყო სუფთა ქართული პასუხი. რაც შეეხება თვითონ იმ აგრეგატებს, რაც ჩამოსული იყო. კი ბატონო, ჩამოიტანეს, გამართეს, მიღება ჩაბარების აქტებით  გადაიბარეს და უკვე გამართული გადააბარეს ქართველებს და ამ გამართვის პროცესში იღებდნენ მონაწილეობას.  ეს იყო დიდი ხნით ადრე სანამ დაიწყებოდა საომარი მოქმედებები, მაგრამ როგორც ჩანს რუსული მხარისთვის ეგ საკმარისი აღმოჩნდა, რომ სიცოცხლისთვის გამოესალმებინათ ის პროფესიონალები, რომელებიც ჩამოსული იყვნენ ჩამოტანის დროს. გარწმუნებთ მონაწილეობა რომ მიეღოთ საბრძოლო მოქმედებებში, ერთი ორად მეტი იქნებოდა რუსული ავიაციის დანაკარგი.

"მეორე მსოფლიო ომის მერე, რუსულ რეგულარულ ჯარს ასეთი დანაკარგი არ განუცდია. არც ისეთი ზიანი მიუყენებია არტილერიას არსად, არც ავღანელებს ჰქონიათ ეგეთი არტილერია და არც ჩეჩნებს, რომ რეგულარული ჯარისთვის ეგეთი ზიანი მიეყენებინათ და არც ავიაცია დაუკარგავთ ისე, როგორც მოხდა 2008 წელს, საბოლოო მიზეზი აღმოჩნდა იმისთვის, რომ გამოასალმეს სიცოცხლეს, შურისძიება დაეწყოთ, აქტუალურია 11 წელია გასული და არ ასვენებთ გამჩენი, იმიტომ რომ დიდი დანაკარგი ნახეს,“-განაცხადა სამშვიდობო ძალების ყოფილმა სარდალმა, გენერალმა მამუკა ყურაშვილმა.

გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალი დევი ჭანკოტაძე ამბობს, რომ საქართველომ რუსეთს დიდი ზიანი მიაყენა, სწორედ ამიტომ  უკრაინელი ინსტრუქტორებს შორის კრემლის სიაში ქართველი მეთაურებიც არიან.

„მე არ გამოვრიცხავ, რომ ГРУ-ს  დავალებით ხდება განადგურება ამ ინსტრუქტორების, ჩვენ მეუთაურებიც ვართ მაგ სიაში. არ გამოვრიცხავ, ვიცი, რომ სამხედრო მეთაურები ჩვენი ბიჭები, ქართველები, არიან სიაში და როდის მოხდება ეს შურისძიება კაცმა არ იცის,“-ამბობს გენერალი ჭანკოტაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები