დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელ გზას, კვლავ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები აკონტროლებენ. გზა ჩაკეტილი აღარ არის, თუმცა სამხედროები ტერიტორიაზე იმყოფებიან. სასულიერო პირები ამბობენ, რომ მონასტერში შეირაღებული პირების დგომა სწორი არ არის და აქ გასაკონტროლებელი არაფერია.
აღდგომის ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ სასულიერო პირებმა გარეჯის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს. ისინი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, ყველაფერი გაკეთდეს, რათა აზერბაიჯანულმა მხარემ საზღვარი ისე მონიშნოს, რომ საქართველოს ინტერესები არ დაზიანდეს.
მათი მოთხოვნაა, დროულად გაეცეს პასუხი ყველა იმ პროვოკაციულ ქმედებას, რომელსაც ადგილი აქვს დავით გარეჯში.
„მეზობლობა ცალმხრივი არ არის, ამასთან გავითვალისწინოთ, რომ რა თანადგომასაც საქართველო იჩენს, თუმცა საქართველოში ჩვენივე მოქალაქე ეთნიკურ აზერბაიჯანელებთან იგივე არ ხდება ჰერეთში. როდესაც დღეს ერთი მღვდელმსახური სანამ არ გახდა აზერბაიჯანის მოქალაქე მას მღვდელმსახურების უფლება არ მიეცა. ხოლო აქეთა მხარეს ყოველგვარი მოქალაქეობის გარეშე საზღვარზე ბრმა კონტროლით მათი რელიგიური ლიდერები მიდიან-მოდიან. საკმაოდ დიდი დიპლომატიაა ამისთვის საჭირო, რომ კეთილი ინებოს აზერბაიჯანმა და დაფიქრდეს ამაზე. ის პოლიტიკური საზღვარი, სადაც არსებობდა 40 კილომეტრის იქით მდებარეობს, დღემდე საქართველოს საზღვრის დამცველი ამ ზოლში საქართველოს ეკლესიაა,“-აცხადებს დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი.
დავით გარეჯში, აღდგომის ტაძართან მისასვლელი გზა მომლოცველებისა და ტურისტებისთვის დროებით გახსნილია.
სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, სადაც ვითარება სწორედ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ დაიძაბა, ამ დროისთვის ისევ დგანან აზერბაიჯანელი და ქართველი მესაზღვრეები.
შეგახსენებთ, რომ 10 დღის წინ, გარეჯში ჩასული ზურაბიშვილი საზღვრის დადგენის აუცილებლობაზე საუბრობდა, რის შემდეგაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა სამონასტრო კომპლექსის ერთი ნაწილი დაიკავეს. აზერბაიჯანელი სამხედროების როტაცია კომპლექსის ამ ნაწილში გრძელდება. როგორც „კურიერმა“ გაარკვია, ადგილზე ვითარებას 10-მდე აზერბაიჯანელი მესაზღვრე აკონტროლებს, რომლებსაც ქართველი მესაზღვრეები აკვირდებიან.