მახათას მთაზე სამხედრო მოსამსახურეებისთვის საცხოვრებელი ბინების მშენებლობა იწყება. პროექტის პირველი ეტაპი წელს განხორციელდება, შემდგომი ეტაპი კი, დაახლოებით, 2022 წელს დაიწყება.
საცხოვრებელი ფართების განაწილება სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრების რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება.
პროექტი პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა წარადგინეს.
„ჩვენი სამხედროები არიან მოწინავე ყველა იმ საერთაშორისო მისიაში, სადაც საქართველო მონაწილეობს და ამას მე ვისმენ უკლებლივ ყველა ჩვენი პარტნიორისგან. ისინი გაკვირვებული და განცვიფრებული არიან ყოველთვის, როდესაც საუბრობენ ჩვენს სამხედროებზე, ჩვენს ოფიცრებზე, მათ სიმამაცეზე, მომზადებაზე, სულისკვეთებაზე, რომელიც მხოლოდ ქართველი ჯარისკაცის სულში შეიძლება, არსებობდეს. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ამისთვის. თქვენი ასეთი წარმატება ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პროექტის დაწყებისთვის პრემიერი მინისტრის მადლობა გადაუხადა.
„ბატონი პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით, ვიწყებთ მნიშვნელოვან პროექტს და მინდა, განსაკუთრებულად მას ვუთხრა მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც მე, პირადად და თითოეული თქვენგანი გრძნობთ, იქნება ეს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაცია და მისთვის საჭირო ფინანსურ უზრუნველყოფა, ახალი სახელფასო პაკეტი თუ დღეს უკვე ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით ახალი საბინაო პოლიტიკის განხორციელება,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.