ჩიჩხიტურის მონასტრამდე მისასვლელი გზა ისევ ჩაკეტილია. კომპლექსის თავზე კი აზერბაიჯანული სამხედრო ვერტმფრენი დაფრინავს და სიტუაციას ჰაერიდან აკონტროლებს.
დღეს გარეჯში ჩასულ სამოქალაქო აქტივისტებს, გუშინდელისგან განსხვავებით, ჩიჩხიტურამდე გზის გაგრძელების საშუალება ქართველმა მესაზღვრეებმა უკვე აღარ მისცეს.
მათი განმარტებით, უშუალოდ სადავო ტერიტორიაზე ამ წუთებში ორმხრივი კომისიის გასვლითი სხდომა მიმდინარეობს და ბილიკის ჩაკეტვაც სწორედ ამ გარემოებას უკავშირდება.
„ყველაფერი გაჩერებულია მიდის მოლაპარაკებები,“ - ამბობს ერთ-ერთი სამხედრო.
გარეჯში კი კვლავაც რჩებიან ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები. დავით ქაცარავა ამბობს, რომ დავით გარეჯში, ჩიჩხიტურისკენ მიმავალი გზის გადაკეტვა აზერბაიჯანული მხარის ექსპერტების ადგილზე ასვლას უკავშირდება.