დანაშაული, რომელსაც სამართალდამცველები აქციის დარბევისას ჩადიოდნენ - ირკვევა, რომ ასეულობით დაკავებული ადამიანი პასუხისგებაში გამოგონილი ოქმებით მისცეს.
როგორც აქციის ღამეს დაკავებული მოქალაქეები ყვებიან, პოლიციამ გააყალბა ფაქტები და სასამართლოსგან მათი პასუხისგებაში მიცემას ითხოვდა გამოგონილი ჩვენებით და შეთითხნილი ოქმებით. ამ მოქალაქეების დაკავების რეალური დრო და ადგილი არ ემთხვევა იმ გარემოებებს, რაც ოფიციალურ დოკუმენტებშია აღწერილი.
„მკაფიოდ ვიცი, რაც ბრალდებაში ეწერა და მე არ გამიკეთებია. მე შეურაცხყოფას ვაყენებდი და ვაგინებდი,რაც არ ყოფილა, ეს სასამართლოზე დავაფიქსირე. პირიც კი არ გამიღია გინებისთვის. მე დამაკავეს ქუჩაზე და არა პარლამენტის წინ. მერე სხვის ჩვენებებსაც გავეცანი, იქაც ტექსტი რომ გადავიკითხე,თითქოს დაქსეროქსებული იყო,“-ამბობს 20 ივნისის ღამეს დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებული ვანო სხირტლაძე.
”ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ სამართალდამცველი უწყება დაკავებულებთან მიმართებაში ჩადიოდა სისხლის სამართლის დანაშაულს.
„პოლიციის ნაცვლად გვყავს კრიმინალური დაჯგუფება, რომელსაც ბრძანების შესაბამისად შეუძლია, ნებისმიერი სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინოს,“-ამბობს მეგრელიშვილი.
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, კოტე იოსელიანის თქმით, ცრუ ოქმების საფუძველზე სასამართლო კონვეირული წესით აქციაზე დაკავებულ მოქალაქეებს სამართალდამრღვევებად აცხადებდა.
„როგორც კი შევედით პოლიციის ეზოში, ერთი ადამიანი რომ ჩამოდიოდა ავტობუსიდან ხვდებოდა ეზოშივე მეწყვილე გამომძიებელი. შევედით პოლიციის შენობაში, დიდი სივრცეა ბევრი მაგიდით, სადაც ყველანი განვთავსდით. ამ ოცდაათმა „დამკავებელმა“ ამოიღეს დოკუმენტი და დაწერეს პატაკი, რომ მე ამან და ამან დავაკავე კონსტანტინე იოსელიანი. მე ამ გამომძიებელს მივუთითე, რას აკეთებ, ხომ იცი, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია-მეთქი, ამ გამომძიებელმა შემომხედა, გაიღიმა და გააგრძელა საქმის კეთება. გაყალბებული დოკუმენტის საფუძველზე წარადგინეს დაკავებული ადამიანები სასამართლოში, მოსამართლეს კი მისცეს ცრუ ჩვენება,“-ამბობს იოსელიანი.