ტაქსის მძღოლები მათ უცვლელ მოთხოვნასთან ერთად, რომელიც ტაქსებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხებოდა, უკვე შს მინისტრის გადადგომასაც მოითხოვენ. პროტესტი გამოსახატავად ისინი დღეს დედაქალაქის მერიასთან შეიკრიბნენ.
ტაქსის მძღოლთა ნაწილი ხვალიდან რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებსაც შეურთდებიან. ისინი ხვალ საპროტესტო აქციას „ლეიბორისტული პარტიის“ წევრებთან ერთად რესპუბლიკის მოედნიდან საავტომობილო მსვლელობით შეუერთდებიან.
„ადამიანები, რომლებსაც თავიდანვე ვუჭერდით ჩვენ მხარს, საუბარია ტაქსისტებზე, არიან ამ წუთას მოწოდებული იმისათვის, რომ თავის პრობლემასთან ერთად, რომელიც არის სამუშაო ადგილის დაკარგვის მცდელობა მერიის მხრიდან, გააპროტესტონ ძალადობა, რომელიც ყველას ეხება, ბუნებრივია, არა მარტო ტაქსისტებს, არა მარტო ახალგაზრდებს, არა მარტო სხვა პროფესიის წარმომადგენლებს, არამედ ყველა ადამიანს, იმიტომ, რომ რაც ჩაიდინა გახარიამ და ივანიშვილმა, რაც ჩვენ ვიხილეთ, ეს არის დანაშაული კონკრეტული, რომელიც უნდა დასრულდეს არა მარტო გადადგომით, არამედ ადრე თუ გვიან, სულ მცირე გახარიას დაპატიმრებით,“- განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა ჩხარტიშვილმა.