საკონსტიტუციო ცვლილებების პრეზენტაცია ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. „ქართული ოცნების“ წევრებმა სასტუმროში მოსახვედრად სირცხვილის დერეფანში გაიარეს. სასტუმრო „შერატონთან“ აქცია „სირცხვილიას“ ორგანიზატორებმა კორიდორი მოაწყვეს და მმართველ პარტიას კიდევ ერთხელ მოუწოდეს, შინაგან საქმეთა მინისტრი დაკავებული თანამდებობიდან გადააყენოს.
მმართველი პარტია პროპორციულ საარჩევნო სისტემას წარადგენს, რომლის თანახმადაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდება.
„ჩვენ დაწყებულ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე აუცილებლად. გახარია უნდა გადადგეს და აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მისმა გუნდმაც, „ქართულმა ოცნებამ.“ სწორედ ამიტომ ვდგავართ აქ, რომ გავაგონოთ ჩვენი ხმა და დავანახოთ, რომ არ დავნებდებით და ვიბრძოლებთ ჩვენი სიმართლისთვის და თავისუფლებისთვის,“ - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
„ქართული ოცნების“ წევრები პრეზენტაციაზე შესვლისას აქციის მონაწილეებთან არ გაჩერებულან. პროტესტანტებს შეხვედრის შემდეგ ტრანსპარანტებით შეუერთდა დავით უსუფაშვილი, ის ასევე გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს.
სამოქალაქო პროტესტი მე-12 დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეები სისხლიან ღამის შედეგებს აპროტესტებენ და პასუხისმგებელი პირების დასჯას მოითხოვენ.