მარნეულში 2 წლის ბავშვი მუცლის არეში მაკრატლით დაიჭრა - შემთხვევა, ჯერჯერობით, დაუდგენელ ვითარებაში მოხდა. შემავალი ჭრილობიდან მაკრატლის ამოღება ექიმებმა ქირურგიული ჩარევის გარეშე შეძლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდამ ქალმა 2 წლის ვაჟს სცემა, რა დროსაც ბავშვი დაეცა და მაკრატელი გულ-მკერდის არეში შეერჭო. თავად დედა ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. ის ამბობს, რომ ხელსაქმით იყო დაკავებული, ბავშვი კი მის სიახლოვეს თამაშობდა, რა დროსაც მისი შვილი წაიქცა და მაკრატელს დაეცა.
„ლეიბს ვკერავდი, ჩემი შვილი ჩემს გვერდით თამაშობდა, უცებ ბავშვის ყვირილზე გავიხედე და დავინახე, რომ ჩემს შვილს გულ-მკერდიდან სისხლი სდიოდა და მაკრატელი ჰქონდა შერჭობილი. ავტეხე ყვირილი, მეზობლები დამეხმარნენ და მეზობლის მანქანით საავადმყოფოში წავიყვანეთ. მე ჩემი შვილისთვის ხელი არასოდეს დამიკარებია, ბავშვი წაიქცა და მაკრატელზე დაეცა“ - ამბობს 2 წლის ბავშვის დედა.
ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, ექიმების გადაწყვეტილებით, ბავშვი მარნეულის კლინიკიდან თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
ექიმების ინფორმაციით, ბავშვს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და იგი მოთავსებულია კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში.
„მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალიდან“ გადმოყვანილია 2 წლის პაციენტი, ვაჟი, რომელმაც მშობლის გადმოცემით, მიიღო გულ-მკერდის არეში მაკრატლით ჭრილობა. პაციენტის მდგომარეობა შემოსვლისას იყო საყურადღებო, აღენიშნება გულ-მკერდის წინა ზედაპირზე, დვრილის მიდამოში შემავალი ჭრილობა, ნაჩხვლეტი. ამ ეტაპზე, პაციენტს უტარდება პროტოკოლით გათვალისწინებული ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევები და მოთავსდა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. ამ ეტაპზე, პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე, შეიძლება ესე ითქვას. ოპერაციას, ჯერჯერობით, არ საჭიროებს“ - აღნიშნა ნინო დადვანმა.
ოჯახის მეზობლები მომხდარს იხსენებენ, თუმცა დეტალებზე ინფორმაცია არ აქვთ.
„მე დიდი ხანია ამ ოჯახს არ ველაპარაკები. ამ ქალის კივილზე გავიხედე და დავინახე, რომ ბავშვს სისხლი მოსდიოდა და შველას ითხოვდა. იმის მიუხედავად, რომ ნაწყენი ვარ, ჩემს ქმარს ვთხოვე დავხმარებოდით, რადგან საქმე ბავშვს ეხებოდა“ - ამბობს მეზობელი.