ვაპირებ, რომ ბოლომდე ვიდგე ამ ხალხის გვერდით და ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს-ამის შესახებ განცხადება ია კერზაიას შვილმა ბაჩანა შენგელიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გააკეთა. მისი თქმით, უკვე 12 დღეა აქციაზე იმყოფება და დარჩება იქ იმდენი ხანი, სანამ გახარია არ გადადგება.
„მეთორმეტე დღეა უკვე დღეს და მეთორმეტე დღეა მე აქ ვდგავარ. ვაპირებ, რომ ბოლომდე ვიდგე ამ ხალხის, ახალგაზრდების და ყველა თაობის ხალხის გვერდით ვინც აქ არიან და აპროტესტებენ იმ უსამართლობას, იმ სისხლიან ღამეს რაც მოხდა 20 ივნისს. იმ რუსულ ოკუპაციას, რომელსაც უკვე ეს ხელისუფლება რამდენიმე წელია მიზანმიმართულად ეწევა და ეს არის ყველაფერი იმის ლოგიკური შედეგი რომ ხალხი დაიღალა, ხალხი აპროტესტებს. აქ დგას ძალიან გაბრაზებული და ვიდგებით აქ და მე ვფიქრობ, რომ ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს,“-განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.
აქციაზე იმყოფება მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილიც. ის სინანულს გამოთქვამს, რომ ხელისუფლების შავი პიარის გამო, აქციაზე ბევრი ხალხი არ დგას.
„აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა იმიტომ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ვისურვებდი, რომ მეტი ხალხი იყოს მაგრამ მესმის რამხელა შავი პიარია აგორებული ამ აქციების გარშემო და როგორ დააჯერეს ხალხს, რომ იქ მდგომი ორგანიზატორები არიან პარტიულები. ამიტომ ძალიან სევდიანია ჩემთვის ეს ყველაფერი. იმდენად ცინიკურია ზოგადად გახარიას განცხადებებიც და მთავრობის პოზიციებიც, რომ არც მინდა მათ განცხადებებზე ვისაუბრო. ეს არის დაცინვა ჩვენი, ქვეყნის დაცინვა იმის მერე, რაც გააკეთეს. ჩამოგვიყვანეს რუსი დეპუტატი, დაგვისვეს პარლამენტში,“-განაცხადა ანიტა რაჭველიშვილმა.