სახალხო პროტესტი გუშინ რამდენიმე წუთით სახალხო ზეიმის ადგილად იქცა. პროტესტის მე-11 დღეს, რუსთაველის გამზირზე ყველაზე რომანტიკული დასასრული ჰქონდა. 22 წლის ნიკა გვაზავამ სპონტანურად გადაწყვიტა შეყვარებულისთვის ხელი პირდაპირ იმ ტრიბუნასთან ეთხოვა, სადაც საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას მოითხოვს.
წყვილმა უამრავი მილოცვა ადგილზევე მიიღო, აქციის მონაწილეებმა საპატიო კორიდორი გაუკეთეს და ტაშით გააცილეს ტრიბუნიდან.
ახალგაზრდა გამომსვლელის სათქმელის შესახებ აქციის მხოლოდ ერთმა ორგანიზატორმა იცოდა, გიგა მაქარაშვილმაც ტრიბუნა სტუდენტს ყველაზე დადებითი ემოციებისთვის დაუთმო.