17 ნოემბერი 2024,   21:51
ვრცლად
ხელისუფლება აქციების დისკრედიტაციისთვის სოციალურ ქსელებში გვერდებს აფინანსებს - "სამართლიანი არჩევნების" კვლევა

პარლამენტთან მიმდინარე აქციის დისკრედიტაცია დასპონსორებული გვერდების მეშვეობით მიმდინარეობს - მოკვლევა „სამართლიანმა არჩევნებმა” ჩაატარა. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, კამპანიაში ის გვერდები არიან ჩართულები, რომლებიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ოპოზიციური კანდიდატებისა და პარტიების წინააღმდეგ მოქმედებდნენ. კამპანიისათვის გამოიყენება ახალშექმნილი გვერდებიც. “სამართლიან არჩევნებში“ ამბობენ, რომ ყველა შემთხვევაში დისკრედიტაციის კამპანიას დასპონსორებული სახე აქვს.

„მთავარი გზავნილი აქციების „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებაა, რომ ეს ერთი პარტიის პროტესტია.20-21 ივნისის  ღამის შემდეგ გამოქვეყნებულ პოსტების ძირითად გზავნილს სწორედ ის წარმოადგენდა,რომ აქციის მონაწილეები ძალადობდნენ პოლიციელებზე და გამოყენებული ძალაც ლეგიტიმური იყო. არც ერთ გავრცელებულ პოსტშია რ იყო წარმოდგენილი სპეცრაზმის მიერ ძალის გამოყენების ამსახველი ფოტო ან ვიდეო მასალა,“-ამბობს ”სამართლიანი არჩევნების” იურისტი შოთა ნარსია.

მისი თქმით, ასეთი გვერდების ფუნქციონირებისთვის პარტიები არადეკლარირებულ თანხებს ხარჯავენ და ამ ხარჯების ოფიციალურად აღრიცხვის საშუალება აუდიტის სამსახურს ვერ ეძლევა.

„საქმე გვაქვს არაოფიციალურად თანხების გამოყენებასთან, ვერ ვადგენთ ვინ იყენებს ამ თანხებს ოფიციალურად, ეს თანხები წარმოადგენს უკანონო შემოწირულობას,“-ამბობს ნარსია.

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, როგორც კი ხელისუფლების წინააღმდეგ რაიმე სახის პროტესტი იწყება, ულტრანაციონალისტები სოციალური ქსელებით იწყებენ სიძულვილის ენის გამოყენებას და ძალადობრივ მოწოდებას. მისი თქმით, ეს გავრცელებული რუსული სცენარია.

„საწყენი ის არის, რომ ხელისუფლება გარიგებულია რეგრესულ ძალებთან, ხელისუფლება კოალიციაშია რეგრესთან. მოკითხვა შალვა რამიშვილს და კოკა ყანდიაშვილს,“- ამბობს დიღმელაშვილი.

დღის ამბები