გახარია, წადი! - ამ შინაარსის ბანერი დედაქალაქში რამდენიმე ხიდზე გადმოფინეს. მოქალაქეები 20-21 ივნისის მოვლენების გამო, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან წასვლას მოითხოვენ.
უკვე რამდენიმე დღეა, რუსთაველის გამზირზე გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება. აქციის ორგანიზატორების თქმით, ყველა შესაძლებლობას გამოიყენებენ, რათა შს მინისტრს ხმა მიაწვდინონ და მან თანამდებობა დატოვოს.
"გახარიამ 20 ივნისის ღამეს დაარბია საკუთარი მოსახლეობა, თვალები დათხარა ახალგაზრდა ბავშვებს, ამიტომ, ის აუცილებლად უნდა წავიდეს. ჩვენ იქამდე არ გავჩერდებით იქამდე, სანამ გახარია არ წავა სახლში,“ - ამბობენ აქციის მონაწილეები.
აქციის ორგანიზატორების თქმით, პროტესტი არ შეწყდება, სანამ გიორგი გახარია პოსტიდან არ გადადგება.
„ოკუპირებული ახალგორიდან ვარ. სისხლიანი ღამე, რომელიც ხელისუფლებამ მოგვიწყო, უკვალოდ არ ჩაივლის, აუცილებლად წავა გახარია და ამ პლაკატითაც საზოგადოებას შევახსენეთ, რომ აუცილებლად დაისჯება იმ ღამისთვის, გავრილოვის ღამისთვის და იმ თვალებდათხრილი ახალგაზრდებისთვის, რომლებიც დღეს გვყავს საქართველოში,“ -აცხადებენ აქციის მონაწილეები.
აქციის მონაწილეების თქმით, მათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ფოტოები გადაუღეს.
„სუს-ის პიროვნება იყო მოსული, რომელმაც, მერე აღმოვაჩინეთ, სახეებზე გადაღება მოახდინა და ვითომ, დაშინების მიზნით, მაგრამ თვალები დაგვთხარეთ და მაგით ვერ გვაშინებთ, იმიტომ, რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, ფოტო რამდენიც გინდათ იმდენი გადაგვიღეთ, ჩვენ თვითონ გადავიღებთ და ჩაგიყრით, თუ დაგაინტერესებთ, ვინ ვართ, იცოდეთ,“ - განაცხადა აქციის მონაწილემ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ გიორგი გახარია არა მარტო უნდა გადადგეს, არამედ ის სისხლის სამართლის პასუხისგებაშიც უნდა მიეცეს.
„მე ვარ ის ადამიანი, რომელმა სამი ტყვია ვიგემე გახარიას ჯალათებისგან, გულ-მკერდის არეში, კისრის არეში, მაგრამ არ ვაპირებთ გაჩერებას, დანებებას, ბრძოლა იქნება ბოლომდე, სანამ არ გადადგება ჯალათი გახარია,“ - აცხადებენ აქციის მონაწილეები.