17 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
თუკი სამტრედიის მერი არ ემიჯნება ამ განცხადებას, მაშინ მისი პასუხისმგებლობაც უნდა დადგეს - ოპოზიცია კიკაჩეიშვილის გადაყენებას ითხოვს

სოფელ მელითაურის თემში მერის წარმომადგენლის სკანდალურ განცხადებას ოპოზიციის მწვავე რეაქცია მოჰყვა. საუბარია სოფო კიკაჩეიშვილის იმ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც ის რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების მონაწილეებს „ცისფერებად და ლესბოსელებად“ მოიხსენიებს და რუსეთს ღია მხარდაჭერას უცხადებს.

სამტრედიის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე, მამუკა ბიბილეიშვილი კიკაჩეიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს. ბიბილეიშვილი სამტრედიის მერის განცხადებასაც ეხმაურება, რომელიც მისი მოადგილის ნათქვამში პრობლემას ვერ ხედავს და ამბობს, რომ რომელი ქვეყანა მოგეწონება მხოლოდ პოლიტიკური გემოვნების საკითხია. ბიბილეიშვილის თქმით, თუ სამტრედიის მერი მისი წარმომადგენლის თანამოაზრეა, მაშინ მისი პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს.

„შერჩეული ჰყავს „ქართულ ოცნებას“ ყველა სოფელში ადამიანები ისეთი, შევადარებ მე-19 საუკუნეში ბოქაულები რომ ჰყავდათ დანიშნული რუსეთს, რომ უნდა დააშინონ მოსახლეობა და გამოიყვანონ არჩევნებზე ჩვეულებრივად. ამ დავალებას ჩვეულებრივად ასრულებენ. თუკი მერი არ ემიჯნება ამ განცხადებას, მაშინ მერის პასუხისმგებლობაც უნდა დადგეს. თუკი ემიჯნება, მაშინ უნდა გაათავისუფლოს ეს ადამიანი დაკავებული თანამდებობიდან,“- განაცხადა მამუკა ბიბილეიშვილმა.

დღის ამბები