აზერბაიჯანულმა მხარემ დავით გარეჯში, ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით არსებული ბილიკის გამაგრება დაიწყო - ამის შესახებ „რუსთავი 2-ს“ დავით გარეჯში მცხოვრებმა სასულიერო პირმა განუცხადა.
ადგილობრივი სასულიერო პირების და გიდის ინფორმაციით, გუშინ სატვირთო მანქანებით ტომრები მიიტანეს და, დაახლოებით, 100-მეტრიან ბილიკზე ქვები დაყარეს.
ბილიკის ამსახველი ფოტოები ადგილობრივმა გიდმა სოციალურ ქსელშიც გაავრცელა.
„გუშინ დილით ავედი უდაბნოს მონასტერზე და გამოჩნდა რაღაც თეთრი ტომრები. ჩიჩხიტურის ქვემოთ. მოტანილი იყო, ალბათ, სატვირთო მანქანით და საკმაოდ დიდი რაოდენობით. როგორც აღმოჩნდა, ქვები. დღეს დილას ავედი 10 საათზე ჩიჩხიტურზე და მუშაობდნენ, ალაგებდნენ ბილიკის გასწვრივ ქვებს. ეს ბილიკი კეთილმოაწყვეს. საცალფეხო ბილიკია. ჩიჩხიტურის კოშკამდე მისვლა შესაძლებელია, მაგრამ უდაბნოს მონასტერში არ გვიშვებენ, სადაც ფრესკები არის დაცული და სადაც ტაძრები და სიწმინდეებია,“ - განაცხადა გიდმა, ზვიად ანანიაშვილმა.
გზის გამაგრების სამუშაოების პარალელურად კი, უდაბნოს მონასტერი ისევ ჩაკეტილია და არც სასულიერო პირებს და არც მომლოცველებს უძველეს ტაძრებთან არ უშვებენ.
„კამაზით შემოიტანეს თეთრი "მეშოკებით" რაღაცა და დაყარეს. სადაც შემოიყვანეს იმ გზის ბოლოში, სადაც მთავრდება... ეს "მეშოკები" გაუხსნიათ და იქ ჩიჩხიტურის კოშკამდე ბილიკი გააკეთეს და ეს ქვები დაფინეს. აღდგომის ტაძრამდე უშვებენ, მაგრამ მერე გორით უნდა გადაიარო,“ - აღნიშნა მამა ზვიადმა.