17 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
”წადი გახარია," "წითელი ბარათი გახარიას!” - რეგიონებში აქცია-პერფორმანსი გამართეს

რეგიონებში მოსახლეობამ რუსთაველზე მიმდინარე აქციების სოლიდარობის ნიშნად საპროტესტო პერფორმანსები მოაწყო. სამოქალაქო აქტივისტებმა ზუგდიდში, ქალაქის ცენტრში ყველა მთავარ შუქნიშანთან ერთდროულად გზა იმ დროს ჩაკეტეს, როდესაც ცენტრალური გზის გადასასვლელ შუქნიშნებზე აკრძალვის ფერი - წითელი შუქი ინთებოდა.

როგორც თვითონ განმარტავენ, აქციის შინაარსი ასახავს 20 ივნისის ღამეს შს მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ გაცემულ ბრძანებას, რა დროსაც მშვიდობიან მოქალაქეებს რეზინის ტყვიები ესროლეს. 

”წადი გახარია - წითელი ბარათი გახარიას” - რეგიონებში აქცია ამ შინაარსის შეძახილებით მიმდინარეობდა. სამოქალაქო აქტივისტების მთავარი მოთხოვნა გიორგი გახარიას გადადგომაა.

„უნდა გადადგეს მინისტრი გახარია და მას მიყვეს მთელი „ქართული ოცნება“, იმიტომ, რომ უკვე ძალიან ზედმეტია, რასაც ესენი აკეთებენ. ხალხი უკვე მეცამეტე დღეა, რუსთაველზე დგას და არანაირი ყურადღება. ძალიან ცუდი რამ ხდება საქართველოში“, - აცხადებს აქციის მონაწილე.

აქცია-პერფორმანსი გამართეს ახალგაზრდებმა ბათუმშიც. აქციის მონაწილეებმა გადასასვლელებზე გაჩერებით კიდევ ერთხელ შეახსენეს ბათუმელებს რუსული ოკუპაცია და 20 ივნისს განვითარებული მოვლენები.

„სოლიდარობას ვუცხადებთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც უკვე მეცამეტე დღეა, დგანან რუსთაველზე და აპროტესტებენ სისხლიან სისტემას. ჩვენც ამ პერფორმანსით მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ გახარია გადააყენონ, რადგან ის არის სისხლიანი ჯალათი, რომელმაც ახალგაზრდები ასე უმოწყალოდ გაწირა“, - განაცხადა აქციის მონაწილემ. 

 

დღის ამბები