თუ იქნება ინფლაციაზე წნეხი, ჩვენ ამას დავაკვირდებით - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა. კობა გვენეტაძემ ლარის გაუფასურების მიზეზად კვლავ რუსული ემბარგო დაასახელა და აღნიშნა, რომ ლარის რეკორდულ გაუფასურებასთან დაკავშირებით მთავარი საფინანსო ინსტიტუტი ლარის გასამყარებლად ჯერჯერობით ინტერვენციას არ გეგმავს. ამის მიუხედავად, გვენეტაძე უარს არც რეზერვების შევსებაზე ამბობს.
„ინფორმაცია რომ შესაძლებელია გარკვეული რაოდენობის ტურისტები აღარ ჩამოვიდნენ ქვეყანაში, რომლებიც გეგმავდნენ ადრე ჩამოსვლას, რა თქმა უნდა, აისახა მოლოდინებზე. იმ შემთხვევაში თუ იქნება ინფლაციაზე წნეხი, ჩვენ ამას დავაკვირდებით, რა თქმა უნდა, განგრძობით რეჟიმში ვაკვირდებით, მივიღებთ ადეკვატურ ზომებს, იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რაც გვექნება. მომავალში სავალუტო რეზერვების დაგროვება გაგრძელდება, მაგრამ ჩვენ აბსოლუტურად გვესმის ახლანდელი სიტუაცია, ამიტომ ძალიან დაფიქრებულად გავაკეთებთ ნებისმიერ ასეთ ნაბიჯს,“ - განაცხადა გვენეტაძემ.
ცენტრალურმა ბანკმა ახალი ბანკნოტის განახლებული 10 ლარიანის პრეზენტაცია გამართა.
ეროვნული ვალუტის არასატაბილური რყევების შესახებ განმარტებები პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემაც გააკეთა. კოვზანაძე, მთავარი ბანკირის მსგავსად, დევალვაციის მიზეზად ტურისტული ნაკადის შემცირებას ასახელებს და ტურისტული სფეროს წარმომადგენლებს მთავრობის მხრიდან ხელშეწყობას ჰპირდება.
„დღეს მუშაობს ის ეფექტი, რაც გამოიწვია ტურისტული ნაკადის შემცირებამ და შეწყვეტამ. გამომდინარე აქედან, ლარი ასახავდა ამ მოვლენას და, გარკვეულწილად, ლარის დევალვაციაც მოხდა. მე ვფიქრობ, რომ როგორც კი, ეს აჟიოტაჟი შედარებით წყნარდება, ასევე ლარის კურსზე გავლენაც შესაბამისად მცირდება. ეფექტური ნაბიჯები იქნება გადადგმული საქართველოს მთავრობის მხრიდან ამ ტურიზმის მიმართულებით დაზარალებული მცირე და გარკვეული მეწარმეების ხელშესაწყობად,“- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
სხვაგვარად ფიქრობენ ეკონომისტები და ექსპერტები. არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების" თავმჯდომარე, გიორგი კეპულაძე სავალუტო რეზერვების შევსებას ამ ეტაპზე არასწორ ნაბიჯად მიიჩნევს.
„ჩვენი საერთაშორისო რეზერვები ამ ეტაპზე არის ადეკვატური, კარგ მდგომარეობაშია, შესაბამისად, მისი დამატებით შევსება, მით უმეტეს ისეთ პერიოდში, როდესაც მოსალოდნელია სავალუტო შემოდინებების შემცირება, ალბათ, არ იქნება სწორი. მე პირიქით მგონია, თუ გვექნება დანაკლისი, ეროვნული ბანკი შესაძლებელია, ჩაერიოს იმისთვის, რომ დაასტაბილუროს სიტუაცია ბაზარზე,“ - განაცხადა გიორგი კეპულაძემ.