ბათუმის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმე შესაძლოა, თავდაყირა დადგეს. დღეს საქალაქო სასამართლოში პროცესი გაიმართა, სადაც ბათუმის მერია სააქციო საზოგადოება „ბაზის ბანკს“ უჩივის და ბიუჯეტისთვის მიყენებულ ზარალში პასუხისმგებლობას „ბაზის ბანკს“ აკისრებს.
სწორედ ამ დანაშაულშია ბრალდებული ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი. თუ გაირკვა, რომ „ბაზის ბანკმა“ არასწორად დაადასტურა საბანკო გარანტიის ნამდვილობა, ზიანის ანაზღაურება მაღალჩინოსნების ნაცვლად მას მოუწევს.
„იმ საბანკო გარანტიების პირობებში, რომლის საფუძველზეც ხელშეკრულება გაფორმდა. „ბაზის ბანკის“ მიერ თავისი უფლებამოსილების ჯეროვანი განხორციელების შემთხვევაში ხელშეკრულება არ გაფორმდებოდა. შესაბამისად, თუკი „კომენ ჯორჯიას“ მიერ წარმოდგენილი იქნებოდა სხვა საბანკო გარანტია, პირობითად, ნებისმიერი ქართული საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო გარანტია, ცხადია, ეს ხელშეკრულება გაფორმდებოდა. საბოლოოდ, რა შედეგი დადგებოდა, ამას წინასწარ ვერავინ ვერ იტყვის,“ - აცხადებს ბათუმის მერიის წარმომადგენელი.
"ბაზის ბანკის" წარმომადგენელი დანაშაულს უარყოფს და აცხადებს, რომ მათი მხრიდან ყველაფერი წესების დაცვით შესრულდა და შესაბამისად, პასუხისმგებლობა „ბაზის ბანკს“ ვერ დაეკისრება.
„ჩვენ წერილობით შეტყობინებაში მერიას განვუმარტეთ და მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ სააქციო საზოგადოება "ბაზის ბანკი" არ ფლობდა არანაირ ინფორმაციას გარანტიის გამცემის, მისი გადახდისუნარიანობის შესახებ. ასევე არ იღებდა არანაირ ვალდებულებას და პასუხისმგებლობას ამ საბანკო გარანტიასთან დაკავშირებით და ვთხოვეთ, თუ საბანკო გარანტია არ შეესაბამებოდა მათ მოთხოვნებს, მათ რაიმე პირობას, ეცნობებინათ ჩვენთვის აღნიშნულთან დაკავშირებით და არ მოვახდენდით ამ წერილების გადაცემას“, - განაცხადა „ბაზის ბანკის“ წარმომადგენელმა.