აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიგა მაქარაშვილი გამომძიებლების შეკითხვებს 3 საათის განმავლობაში პასუხობდა. მაქარაშვილი პოლიციის განყოფილებაში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც მისთვის უცნობი პირი სამოქალაქო აქტივობის გამო მოკვლით დაემუქრა. SMS შეტყობინებაში, რომელიც მაქარაშვილმა მიიღო, მამაკაცი გამოგონილი სახელით და გვარით მას დანის გაყრით ემუქრება.
20 ივნისის შემდეგ აქციების მონაწილეებზე სოციალური ქსელით საინფორმაციო შტურმი მიმდინარეობს. სავარაუდოდ, „ქართულ ოცნებასთან“ კავშირში მყოფი ათობით Facebook გვერდიდან რუსთაველის გამზირზე მდგომი დემონსტრანტების წინააღმდეგ, მადისკრედიტირებელი და ყალბი ახალი ამბები ვრცელდება.
„სამართლიანი არჩევნების“ კვლევიდან დგინდება, რომ პროპაგანდისტულ გვერდებზე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ერთი და იგივე შინაარსის ინფორმაცია ვრცელდება, თითქოს, ისინი არა დამოუკიდებელი სამოქალაქო აქტივისტები, არამედ ოპოზიციური პარტიების აქტივისტები არიან.
კვლევის ავტორები დანამდვილებით ვერ ამბობენ, ვინ დგას მსგავსი დასპონსორებული Facebook კამპანიის უკან და არის თუ არა ეს ხელისუფლება. თუმცა დანამდვილებით ამბობენ იმას, რომ ვიღაც ამაში ბევრ ფულს იხდის და ეს გვერდები ხელისუფლების ინტერესებს ემსახურება. ამ გვერდების ნაწილი 2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდში შეიქმნა და მაშინ პროსახელისუფლებო კამპანიით იყო დაკავებული, ახლა კი ახალი მისია აქვთ.
იმაში, რომ ამ ყველაფერის უკან ხელისუფლება დგას, დარწმუნებულები არიან აქციის ორგანიზატორები და არ ერიდებიან კონკრეტული გვარების დასახლებასაც - შალვა რამიშვილი და კოკა ყანდიაშვილი.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მუქარა და ე.წ. შავი პიარი არ არის ერთადერთი, რითიც დაინტერესებული პირები შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ მიმდინარე დემონსტრაციებს ებრძვიან. მეორე დღეა, ისინი ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აქციაში მონაწილეობისთვის მოქალაქეებს სამსახურებიდან ათავისუფლებენ.