30 წლის ჟანეტ მინდორაშვილი სოციალურ მუშაკებს 1 თვის ჩვილის უკანონოდ ჩამორთმევაში ადანაშაულებს. კახეთში მცხოვრებმა დედამ დახმარებისთვის პოლიციას მიმართა. ის სოციალურ მუშაკებთან ერთად განყოფილებაში რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა. მოგვიანებით კი ისინი შენობიდან ჩუმად გაიყვანეს, რასაც ადვოკატები აპროტესტებენ. მინდორაშვილის უფლებადამცველები საუბრობენ, რომ ბავშვის ჩამორთმევით და შემდეგ მისი შვილად აყვანით, დედის ნათესავია დაინტერესებული, რომელიც თავდაცვის სამინისტროში მუშაობს და სავარაუდოდ, მის გავლენებს იყენებს. ჟანეტ მინდორაშვილს ჩვილი რამდენიმე დღის წინ წაართვეს და თბილისში ბავშვთა სახლში გადმოიყვანეს. მანამდე კი დედაც და ბავშვიც ერთად თავშესაფარში ცხოვრობდნენ.
"ვერ დავიცავით დედა, რომელსაც არ უნდოდა რომ გაშვილებულიყო მისი შვილი. ჩვენ დღეს პოლიციისგან ვართ მოტყუებული, სოციალური მუშაკებისგან ვართ მოტყუებული და ძალიან დიდი კითხვის ნიშნები ჩნდება იმ კეთილმოსურნე ნათესავის მიმართ, რატომ არის დღეს დაინტერესებული ეს ადამიანი, რომ შვილად აიყვანოს ჟანეტის შვილი, ეს არის ვალერიან კირვალიძე, რამდენადაც ვიცი თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი,"-აცხადებს ადვოკატი ნანა ფილაური.
ჟანეტ მინდორაშვილის კიდევ ერთი ადვოკატი, ირაკლი ფხალაძე კი ამბობს, რომ ჩვილის დედა საკუთარი შვილის დაუყოვნებლივ დაბრუნებას ითხოვს და ახალგაზრდა ქალს, ბავშვი კანონდარღვევით წაართვეს.
"სამართლებრივი პროცედურების გარეშე ბავშვი მოწყვიტეს დედას,"- განაცხადა ადვოკატმა ირაკლი ფხალაძემ.