ლიპარიძეები 10 წლის შვილის ადგილსამყოფელის დადგენას, ბიოლოგიური დედის, მისი ადვოკატისა და სოციალური სამსახურის წარმომადგენლის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერის გამოცემას ითხოვენ - ამ მოთხოვნით აქცია ხონის რაიონულ პოლიციასთან გაიმართა. ოჯახის ადვოკატი განმარტავს, რომ მათ სამართალდამცველებს წარუდგინეს ბავშვზე ძალადობის კადრები და შესაბამის რეაგირებას ითხოვენ. არასრულწლოვნის მამის მტკიცებით, ბავშვი დედასთან მძიმე ფსიქოლოგიურ პირობებში იმყოფება. მოზარდი შესაბამისმა სამსახურებმა მამისგან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ორი დღის წინ, ძალით წაიყვანეს.
"მოვმართეთ პოლიციას, წარვუდგინეთ კადრები, სადაც ჩემ შვილს ღამის სამ საათზე ახოხიალებენ, ათრევენ ტიტველი გამოჰყავთ, ხალათიც კი წაართვეს, წვიმაში დააგდეს ბავშვი, ისე გამოიყვანეს და არანაირი რეაგირება. გთხოვთ, გამოიცეს მოძალადეებზე შემაკავებელი ორდერი, რასაც ჩემი ადვოკატები მიმართავენ პოლიციას და არანაირი რეაგირება არ არის. გთხოვთ ხალხლო, დამეხმარეთ, შვილი გადამირჩინეთ გთხოვთ. ნუთუ საქართველოში კანონი არ არის, რომ ბავშვი დაიცვას,"-აცხადებს ბავშვის მამა, დავით ლიპარიძე.
ლიპარიძის ადვოკატი, ლევან ჭელიძე კი ამბობს, რომ პოლიციის ქმედება უნდა შეფასდეს, როგორც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გულგრილად გამოყენება, რადგან სამართალდამცავებს მომხდარზე რეაგირება არ ჰქონიათ.
"პოლიცია არავითარ რეაგირებას არ ახდენს, პოლიცია უყურებდა როგორ მიმდინარეობდა 4 საათის განმავლობაში პირის მიმართ მძიმე ფსიქოლოგიური ტანჯვა და ფიზიკური შეურაცხყოფა, მხოლოდ ვიდეოებზე იღებდნენ და რეაგირება არანაირი არ არის,"-აცხადებს ლევან ჭელიძე.