20 ივნისს პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე სასტიკად ნაცემი და ნაწამები კიდევ ერთი დემონსტრანტის ისტორია - რამაზ აივაზაშვილი პოლიციელებს სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებს. ის „კურიერთან“ ყვება, რომ სამართალდამცველებმა მას ჯერ ხელკეტით თავი გაუტეხეს, სცემეს, შემდეგ კი პარალამენტის ეზოში შეათრიეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
აივაზაშვილი ასევე ამბობს, რომ მას სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, თუმცა ისინი მაინც ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, ის მომიტინგეების შეძახილებს - „საქართველო“ იმეორებდა, რამაც პოლიციელები გააღიზიანა და მას ცემა დაუყეს.
ახალგაზრდის განცხადებით, ის თელავიდან დედაქალაქში რუსი დეპუტატის პარლამენტში ვიზიტის გასაპროტესტებლად ჩამოვიდა, თუმცა პოლიციელებმა მას სცემეს.
„მივიღე პოლიციის კორდონთან დაზიანება თავში, სპეცრაზმის კორდონიდან პოლიციამ შიგნით შემითრია და იქ უკვე იყო გინება, ფიზიკური შეურაცხყოფა, მირტყამდნენ ხელს, ფეხს, ხელკეტს, რაც ხელში მოხვდებოდათ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მხრიდან არც წინააღმდეგობა ყოფილა, არც სიტყვიერი შეურაცხყოფა, ერთადერთი, როცა შემიყვანეს, შემითრიეს შიგნით, აქ გარეთ სკანდირება იყო - საქართველო და მეც მაგას ავყევი და მაგის გაგონების შემდეგ დამიწყეს ცემა. ავტობუსში ჩამსვეს, მოვიდა პოლიციელი და იკითხა, თავი ვის აქვს გატეხილიო, იმიტომ, რომ სისხლდენა მქონდა ძლიერი და წამიყვანეს მერე უკვე, პარლამენტის შენობაში შემიყვანეს, იქ ერთ-ერთმა თავი შემიხვია და მერე გადამიყვანეს განყოფილებაში ცალკე მანქანით,“ - განაცხადა რამაზ აივაზაშვილმა.
აივაზაშვილის ადვოკატი, არჩილ ჩოფიკაშვილი, დამნაშავე პოლიციელების იდენტიფიცირებას და დროულ გამოძიებას ითხოვს.