გადადგეს შს მინისტრი - ამ მოთხოვნით აქცია თბილისის გარდა რეგიონებშიც გაიმართა. პროტესტი მოქალაქეებმა რუსთავის პოლიციის სამმართველოსთან გამოხატეს.
მათი თქმით, ისინი 20 ივნისის სისხლიან დარბევას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ გიორგი გახარია ამ ღამის შემდეგ არალეგიტიმური მინისტრია და მან თანამდებობა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს.
„აუცილებლად უნდა წავიდეს და დატოვოს მინისტრის პოზიცია. მიზეზი თუ რატომ ვართ რუსთავის პოლიციასთან, როგორც გვაქვს ინფორმაცია, 20 ივნისის დარბევის ღამეს გიორგი გახარიამ, როგორც სხვა რეგიონებიდან, ისე საოკუპაციო ზოლიდან და მათ შორის რუსთავიდან სამართალდამცველები გადმოიყვანა,“- ამბობს აქციის მონაწილე.
აქცია თბილისისა და რუსთავის გარდა, გორში, კახეთში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისსა და თელავში გაიმართა.
"ჩვენ ვაპროტესტებთ ოც ივნისს, ოკუპაციას, ჩვენ ვაპროტესტებთ გავრილოვის საქართველოში ცხოვრებას. უარს ვეუბნებით რუსულ პოლიტიკას საქართველოში,"-ამბობს ზუგდიდში გამართული აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
დღეს საღამოს შვიდ საათზე კი ახალგაზრდები აქციას კვლავ პარლამენტის წინ გამართავენ.