17 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
არ ვნანობ, ის გავაკეთე, რაც უნდა გამეკეთებინა - რუსული კლუბიდან გარიცხული ქართველი მორაგბის პირველი კომენტარი

არ ვნანობ, ის გავაკეთე, რაც უნდა გამეკეთებინა - ამბობს მორაგბე საბა ილურიძე, რომელიც აქციებზე დაშავებული საქართველოს მოქალაქეების სოლიდარობის ჟესტის გამო რუსული კლუბ "სლავადან" გარიცხეს.

მასთან ერთად რუსმა ხელმძღვანელებმა კიდევ ერთი ქართველი მორაგბე რეზი ბროძელი დასაჯა. მანაც საბა ილურიძის მსგავსად ლელოს დადების შემდეგ სოლიდარობა 20 ივნისის დარბევის ღამეს დაშავებულებს თვალზე ხელის აფარებით გამოხატა.

ილურიძე "კურიერთან" საუბრისას ამბობს, რომ მისი ეს ჟესტი რუსეთში შეურაცხყოფად მიიღეს და გუნდიდან სწორედ ამიტომ გარიცხეს.   

"როცა სპორტსმენს პოლიტიკური ნიშნით რაიმე უზღუდავენ ან პრობლემას უქმნიან ძალიან ცუდია. ანალოგიურად, სპორტსმენი როცა ხარ, არ უნდა არიო სპორტი და პოლიტიკა. სოლიდარობა გამოვუცხადე საქართველოში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებულ ხალხს, მათ ეს ჟესტი მიიღეს შეურაცხყოფად და მიიღეს გადაწყვეტილება ჩვენი გუნდიდან გაშვების. გავაკეთე ის, რაც უნდა გამეკეთებინა,  არ ვნანობ და მზად ვარ ჩემს ქვეყანაში დასაბრუნებლად,"-ამბობს საბა ილურიძე. 

პროფესიონალ მორაგბეთა კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი ამბობს, რომ ის რაც კლუბის ხელმძღვანელებმა გააკეთეს ნამდვილად რუსული ხელწერაა. ნონო ანდღულაძის განცხადებით, ისინი მხარს უჭერენ ქართველ მორაგბეებს და ასოციაცია მათ უფლებებს დაიცავს.

„კაი რუსული საქციელი იყო ეს, ჭკუის დამრიგებლური, სადამსჯელო საქციელი ჩაიდინეს. მე ვუერთდები ჩვენს ბიჭებს , ჩვენს მორაგბეებს ამ სოლიდარობის აქციაში და არსებობს მორაგბეთა ასოციაცია, ვინც რეაგირებს ასეთ შემთხვევებზე და აუცილებლად იქნება რეაგირება, დავიცავთ მათ ინტერესებს და უფლებებს,“-ამბობს პროფესიონალ მორაგბეთა კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნონო ანდღულაძე.

ქართველ მორაგბეებს მხარდაჭერას უცხადებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი. მიხეილ ბატიაშვილის თქმით, ისინი დაინტერესდებიან რა მიზეზით გარიცხეს ქართველი მორაგბეები რუსული კლუბიდან.

მისი თქმით, ხელისუფლების ვალდებულებაა, ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერ ქართველ სპორტსმენს მხარდაჭერა გამოუცხადოს.

დღის ამბები