თბილისი და რეგიონები დღეს ერთდროულად მოიცვა საპროტესტო ტალღამ. მსვლელობა, საქართველოს შვიდ ქალაქში ერთდროულად დაიწყო. ავტოკოლონებით მოძრავი ხალხის მთავარი მოთხოვნა, შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომაა. ყველა, ვინც დღეს საპროტესტო მსვლელობას შეუერთდა ამბობს, რომ გიორგი გახარია, რომლის ბრძანებითაც ხალხს თვალები დათხარეს და რაკეტის ფორმის მკვლელი ტყვიები ესროლეს, პოსტზე არ უნდა დარჩეს.
კოლონას, რომელიც 14:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან დაიძრა, მოქალაქეები ტაშით და შეძახილებით ხვდებოდნენ. რუსთაველის გამზირის გავლით მომიტინგეების ნაწილი ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ, ნაწილი კი შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ წავიდა. ამბობდნენ, რომ მხოლოდ ივანიშვილს შეუძლია შინაგან საქმეთა მინისტრი გაუშვას.
იგივე მოთხოვნით და იგივე დროს მასშტაბური მსვლელობა ავტომობილებით გაიმართა საქართველოს ყველა დიდ ქალაქში. ბათუმშიც, ქუთაისშიც, ზუგდიდშიც, გორშიც, რუსთავსა და თელავშიც მოქალაქეები გახარიას გადადგომას მოითხოვეს.
რეგიონულ ცენტრებში შეკრებილებმა სიმბოლურად მსვლელობა პოლიციის მთავრი განყოფილებების მიმართულებით მოაწყვეს. გზავნილები აქაც იგივე იყო - გახარიას გადადგომა. დღევანდელი აქციის მონაწილეები აქციებს, ხვალ ისევ გამართავენ.
ავტორი: თათია წოწონავა