17 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
"მცემდნენ, მირტყამდნენ ხელკეტებით" - აქციის მონაწილეები პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე საუბრობენ

20 ივნისს პარლამენტის წინ გამართული აქციის მონაწილეები „კურიერთან“ იხსენებენ, თუ როგორ სასტიკად უსწორდებოდნენ სამართალდამცველები. ისინი ამბობენ, რომ პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ახალგაზრდა მამაკაცი „კურიერს“ უყვება, რომ 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე თელავიდან ჩამოვიდა. ის ამბობს, რომ პარლამენტის კიბეებთან პოლიციის კორდონის პირველი ხაზიდან მოიტაცეს და უკანა ეზოში შეიყვანეს, სასტიკად სცემეს, მათ შორის ხელკეტებით, ურტყამდნენ არა მხოლოდ სპეცრაზმელები, არამედ კრიმინალურ პოლიციის თანამშრომლებიც.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ცრემლსადენი გაზის ყუმბარების გასროლამდე რამდენიმე წუთით ადრე პოლიციის კორდონში კიდევ არაერთი მომიტინგე შეითრიეს. ყველა მათგანი პარლამენტის ეზოში მდგარ ავტობუსში ჩასვეს და განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა მანამდე ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მათი თქმით, პოლიცია მომიტინგეებს სცემდა დევნის და დაკავების ოპერაციის დროსაც. მათი ნაწილი ამბობს, რომ როდესაც ისინი ხამუტებით ხელებშეკრულები გადაჰყავდათ, სანამ საპატრულო პოლიციას ჩააბარებდნენ, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები სცემდნენ. 

ძალადობის, ცემის და მძიმე დაზიანებების სიმრავლის გამო, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ ითხოვს, რომ საქმე გადაკვალიფიცირდეს. ორგანიზაციაში დარწმუნებულები არიან, რომ პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბების მუხლი, რომლითაც გამოძიება მიმდინარეობს, არაადეკვატურია. უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლები ითხოვენ, საქმეზე ძიება დასჯის, არაადამიანური მოპყრობისა და წამების მუხლებით წარიმართოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები