სამოქალაქო სექტორი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილების დროულად ამოქმედების აუცილებლობაზე საუბრობს. არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნული უფლებამოსილების ამოქმედების მეოთხედ გადავადებას საგანგაშოს უწოდებენ. "სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დროულად და ეფექტიანად ამოქმედების უპირობო აუცილებლობა კიდევ უფრო მწვავედ გახდა ნათელი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის მონაწილეების მიმართ სამართალდამცავების მიერ სავარაუდოდ, ჩადენილი დანაშაულების ფონზე" - ნათქვამია კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" გავრცელებულ განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ მხოლოდ მათი შიდა სტატისტიკით ბოლო 2 წელიწადში სამართალდამცველთა დაუსჯელობის 50-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა მოთხოვნის მიუხედავად არცერთი პირის მიმართ განაჩენი არ დამდგარა.
იურისტ-ანალიტიკოსი თამთა კახიძემ აღნიშნული უწყების ხარვეზებზეც ისაუბრა.
„პრობლემა აქვს ასევე ამ უწყებას, ამ უწყების მანდატს აქვს პრობლემა, რასაც ჩვენ თავის დროზევე მივუთითებდით. გამომდინარე იქიდან, რომ დევნის ფუნქციას არ ახორციელებს და ისევ პროკურატურა ახორციელებს დევნის ფუნქციას და გარკვეული ხარვეზები თვითონ ამ სამსახურშიც არსებობდა, “- განაცხადა იურისტ-ანალიტიკოსმა თამთა კახიძემ.
უმრავლესობის წევრის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კანონში ცვლილებები უფრო ადრე უნდა ყოფილიყო შეტანილი. მისი თქმით, კანონის შინაარსი არ შეცვლილა, ადგილი ჰქონდა მხოლოდ მის დროებით გადავადებას.
„ ეს კანონი უკვე დიდი ხანია კანონად არის ქცეული და თუკი ვინმეს რაიმე შენიშვნა ჰქონდა აქამდე უნდა დაეფიქსირებინა, ამიტომ ახლა მსჯელობა კანონის შინაარსთან დაკავშირებით აბსოლუტურად უადგილოა, მაშინ, როდესაც ჩვენ კანონის შინაარს არ შევხებივართ ამ გადავადებით, უბრალოდ ვადა გადავწიეთ,“- განაცხადა ოხანაშვილმა.