გახარიას გადადგომის მოთხოვნით პარლამენტის შენობის წინ უკვე მე-10 დღეა მოშიმშილეთა აქცია გრძელდება. ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო, პროტესტის უკიდურეს ფორმაზე უარის თქმა რამდენიმე ახალგაზრდას მოუწია. ამ დროისთვის შიმშილობას მხოლოდ 2 მოქალაქე აგრძელებს. ექიმების შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებო, თუმცა დამაკმაყოფილებელია.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი პროტესტის შეწყვეტას შს მინისტრის გადადგომამდე არ აპირებენ.
„ვიდრე გახარია არ გადადგება ფეხის მოცვლას არ ვაპირებთ. ეს არის ჩვენი განწყობა და ეს არის ჩვენი მიზანი. რაც შეეხება შსს-ს განცხადებებს, მოადგილეს ვუსმენდით გუშინ ჩვენ, ფაქტიურად ჯოხი გადატეხეს სპეცრაზმელებზე. ყოველგვარი ბრძანების გარეშე მოქმედებდნენო, ბრძანება არ ყოფილა გაცემულიო და საკუთარ თავს იცავდნენ. გახარია ხომ ხარ ჯალათი, ხომ ხარ რუსეთის აგენტი, ასეთ სამარცხვინო ფსკერი ნუღარ იქნები,“- განაცხადა მოშიმშილე ბექა ბასილაიამ.