20 ივნისს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეების მიმართ სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა - ასეთია EMC-ის დასკვნა, რომელიც ორგანიზაციამ გავრილოვის ღამეს მომხდარი სასტიკი დარბევის შესწავლის შემდეგ შეიმუშავა.
28-გვერდიან დოკუმენტში დეტალურად არის აღწერილი თუ რა დააშავა გახარიამ 20 ივნისის სისხლიან ღამეს. რამდენიმესაათიანი ვიდეოკადრების შესწავლის და დაზარალებულების გამოკითხვით დადგინდა, რომ ხელისუფლებამ დაარღვია ევროკონვენციის მუხლები, ეუთოს და გაეროს საბაზისო პრინციპები.
კინეტიკური სიმძლავრის ჭურვებზე კვლევის ავტორები საერთაშორისოდ დადგენილი სტანდარტებით ამტკიცებენ, რომ იარაღების გამოყენების დროს პოლიციამ ყველა ნორმა დაარღვია. სამოქალაქო სექტორი იზიარებს საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს, რომ აქციის დარბევის დროს სამართალდამცველთა მიზანი არა დემონსტრანტების დაშლა, არამედ მანიფესტაციაში მონაწილეობისთვის ადამინების დასჯა იყო.
ამავე დასკვნიდან დგინდება, რომ ხელისუფლებას 20 ივნისის სისხლიანი ღამის გამო მძიმე დღეები ევროსასამართლოში ელოდება. თუ დაშავებულები მთავრობას უჩივლებენ, მოგების დიდი შანსი აქვს, რადგან არსებობს 2008 წელს პრეცედენტი როდესაც, სომხეთში აქციის გაუფრთხილებლად დარბევისა და ძალის გადამეტების გამო, ევროსასამართლომ საქმეზე „ტერ პეტროსიანი სომხეთის წინააღმდეგ“ ხელისუფლებას სანქციები დაუწესა.
შემუშავებულ ანგარიშში ცალ-ცალკე თავები ეთმობა ჟურნალისტებზე ძალადობას, აქციის დარბევის შემდეგ მოქალაქეების დაკავებას, არაადამიანურ მოპყრობას. დაკავებულებმა სასამართლოზე თქვეს, რომ წინასწარი მოთავსების იზოლატორში ფიზიკურად უსწორდებოდნენ.