17 ნოემბერი 2024,   21:48
ვრცლად
შს მინისტრების საქმიანი ბიოგრაფია - "ქართული ოცნება" სახელმწიფო გადატრიალებაზე 7 წელია ლაპარაკობს 

დესტაბილიზაცია, არეულობა და გეგმა ხელისუფლების დასამხობად - უკვე 7 წელია ”ქართული ოცნება", საზოგადობას არწმუნებს, რომ ოპოზიცია ივანიშვილის გუნდის ძალისმიერი გზით შეცვლას აპირებს და გამოძიებას 315-ე სახელმწიფო გადატრიალების მუხლით იწყებს.

პირველი, ვინც ოპოზიცია რევოლუციის მომზადებაში დაადანაშაულა, ალექსანდრე ჭიკაიძე იყო. 5 წლის წინ, მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საბურავებს იმარაგებს და რევოლუციისთვის ემზადება.

დაანონსებული რევოლუცია ქვეყნაში არ მომხდარა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერც ოპოზიციის საბურავების სამალავს მიაგნო. სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში ოპოზიცია ჭიკაიძის შემდეგ, უკვე მისმა შემცვლელმა, ვახტანგ გომელაურმა დაადანაშაულა. 2015 წელს, შინაგან საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა თქვა, რომ ოპოზიციას ხელისუფლების დამხობის გეგმა ჰქონდა და ეს უწყებაში შესული ოპერატიული ინფორმაციით დასტურდებოდა.

ხელისუფლების განგაში ამჯერადაც ცრუ აღმოჩნდა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ თემაზე საუბარი კიდევ ერთმა მინისტრმა 2016 გააგრძელა. საპარლამენტო არჩევნების წინ, გიორგი მღებრიშვილმა ქვეყანაში არეულობის და დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობაში ოპოზიცია ისევ მტკიცებულების გარეშე დაადანაშაულა. 

ამ განცხადებიდან მალევე, დესტაბილიზაციის გეგმაზე ბიძინა ივანიშვილიც ალაპარაკდა, თუმცა ისიც კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე.

ბიძინა ივანიშვილის ამ განცხადებას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მოსალოდნელი არეულობის შესახებ უკრაინულ ვებ გვერდზე ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება მოჰყვა. მათ შორის იყო, სავარაუდოდ, დიალოგი მიხეილ სააკაშვილსა და „რუსთავი2“-ის გენერალურ დირექტორს შორის. ასევე გასაჯაროვდა ყოფილი პრეზიდენტისა და გიგა ბოკერიას სატელეფონო საუბარიც. ამ მასალებზე დაყრდნობით, სუს-ში გამოძიება ისევ 315-ე მუხლით დაიწყო.

315-ე მუხლით დაწყებული გამოძიებაზე და არ არსებულ დესტაბილიზაციის გეგმაზე საუბარი საგამოძიებო უწყებამ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინაც დაიწყო. მალევე ფორმალური გამოძიება დაკითხვების სერიით გაგრძელდა.

გამოკითხვაზე დაიბარეს „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორი და „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგა ბოკერია. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეს სახელწიფო უსაფრთხოების სამსახური 4 წელია იძიებს, თუმცა ხმაურიან საქმეზე ამ დრომდე ბრალდებულიც კი არ ჰყავს. სახელმწიფო გადატრიალების საქმის პარალელურად ხელისუფლებამ „რუსთავი 2“-ის შენობის პერიმეტრზე სათვალთვალო კამერები დაამონტაჟა, რომელიც უკვე 4 წელია სიგნალს სუს-ში გადასცემს.

315-ე მუხლით დაწყებული ფორმალური გამოძიებების რიცხვს კიდევ ერთი, გიორგი გახარიას მინისტრობის დროს დაემატა. მაშინ, როდესაც 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების წინ მინისტრმა ტრადიციულად დესტაბილიზაცია და ქვეყანაში არეულობა დაანონსა.

გიორგი გახარიას მტკიცებით ტონს, რომ საგამოძიებო უწყებას კონკრეტული პირები ჰყავდა გამოვლენილი, სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია. ამ დრომდე საზოგადოებას არც დესტაბილიზაციის გეგმა, არც მტკიცებულებები და არც სავარაუდო დამნაშავეები უნახავს.

 

დღის ამბები