„არა ოკუპაციას! არა დაუნდობლობას! მე ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ აქ კიდევ სისხლი დაიღვრებოდა" - ასე მიმართა მომღერალმა, თამრიკო ჭოხონელიძემ რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს. ის პარლამენტის შენობის წინ შვილიშვილებთან ერთად მივიდა და მათთან ერთად სიმღერა - "სხვა საქართველო სად არის", შეასრულა.
თამრიკო ჭოხონელიძემ 9 აპრილის მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ის ეწინააღმდეგება ძალადობას და ოკუპაციას.
„მე აქ ვიდექი პირველ დღეს, ჩემს შვილებთან ერთად, და მე ვიგემე ის ძალიან დიდი ტკივილი და შეურაცხყოფა, რაც მოხდა აქედან, მაგრამ ამავე დროს ძალიან ამაყი ვიყავი, ამაყი ვიყავი თქვენით, განსაკუთრებით თქვენით ჩემო შვილები, ძმებო, დებო, უფროსი თაობის წარმომადგენლებო. ამაღლებული განწყობა მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ საშინელებას ვუყურე. 30 წლის წინ როცა აქ ვიდექი და ჩემს შვილებს ვუამბობდი 9 აპრილის ამბებს, ამ ბავშვებს, ჩემს შვილიშვილებს იგივე თემაზე, იგივე მოვლენაზე, იგივე პრობლემაზე, იგივე ტკივილზე დავუწყებდი ლაპარაკს... მართლაც არ არის სხვა საქართველო, რომელსაც ჩვენ არავის დავუთმობთ. მიყვარხართ, მეამაყებით. მინდა იმ ხალხს, ვუთხრა, ვინც ტელეეკრანებიდან, ალბათ, ცოტა გაბრაზებული გვიყურებს, მე მათაც მინდა თქვენი სახელით ვუთხრა, ნუ შემეწინააღმდეგებით, გვიყვარხართ, ჩვენ და თქვენ ერთი სისხლი და ხორცი გვაქვს, ამიტომ ნუ გავიმეტებთ ერთმანეთს, ერთად ვიდგეთ და ერთად ვებრძოლოთ მტერს,“ - განაცხადა თამრიკო ჭოხონელიძემ.
ამ წუთებში პარლამენტის შენობის წინ კონცერტი იმართება. აქციის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ ხელისუფლებას მოთხოვნა უფრო ხმამაღალი ფორმით გააგონონ. რუსთაველის გამზირზე უკვე მე-15 დღეა, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ