17 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
საუკუნის შეხვედრა - საპატრიარქოს გავლენიანი, მაღალი იერარქიის სასულიერო პირები და "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორები ერთად მიღებაზე

„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები და მღვდელმთავრები ერთმანეთს შეხვდნენ. On.ge-ის ფოტოგრაფმა ამერიკის საელჩოში მიღებაზე გადაიღო თუ როგორ ესაუბრებიან „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები და მღვდელმთავრები ერთმანეთს. ფოტოზე ჩანს, რომ მეუფე იაკობი, მოსაყდრე შიო და ქორეპისკოპოსი თეოდორე იცინიან, ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ დაძაბულობა არ არის.

სპონტანური შეხვედრის მონაწილემ და "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორმა, გიორგი თაბაგარმა „კურიერს“ უამბო თუ რა უთხრეს და რა უპასუხეს მღვდელმთავრებმა. საელჩოში მიღებაზე საუბარი „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებსა და მღვდელმთავრებს შორის, ნახევარ საათს გაგრძელდა. გაირკვა, რომ ქორეპისკოპოს იაკობს, რომელიც ლგბტ თემის მიმართ რადიკალური განცხადებებითაა ცნობილი, ამავე თემის წარმომადგენლებთან გუშინ შეხვედრა პირველად არ ჰქონდა, საუბარი მანამდეც ყოფილა.

გუშინ გამართული შეხვედრის ერთ-ერთი ინიციატორი არასამთავრობო სექტორი იყო. ლგბტ თემის წარმომადგენლები მღვდელმთავრებთან ქეთი ჩაჩავამ მიიყვანა. შუამავალი დღეს იხსენებს, რომ ძალიან ღელავდა, რადგან არ იცოდა, როგორი რეაქცია ექნებოდათ სასულიერო პირებს იმ ადამიანების დანახვაზე, ვინც ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ მტრებად შერაცხეს.

ლგბტ თემის წარმომადგენლებისა და ეპისკოპოსების შეხვედრას ესწრებოდა სახალხო დამცველიც. ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ დაპირისპირების შემდეგ დიალოგის დროს დადგა. ომბუდსმენი მზადაა, თუ კი მხარეების საუბრის სურვილი ისევ ექნებათ, დიალოგში ჩაერთოს.

მხარეები მომდევნო შეხვედრისთვის ემზადებიან, შესაძლოა, აუდიენცია უკვე დახურულ კარს მიღმა გაიმართოს და ეს საპატრიარქოს ტერიტორიაზე მოხდეს. ლგბტ თემის და „თბილისის პრაიდის“ ორგანიზატორები ამბობენ, რომ მშვიდობიან თანაცხოვრებას დაპირისპირებულ მხარეებს შორის ალტერნატივა არ აქვს.

 

დღის ამბები