სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და სამოსამართლო ეთიკას შორის - ამ თემაზე დღეს მოსამართლეები საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ერთად მსჯელობენ. მოსამართლეების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ გადაიხედოს მოსამართლეების ეთიკის ნორმები, აზრის გამოხატვასთან დაკავშირებით.
მიზეზი კი საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებაა. მოსამართლეების თქმით, საჭიროა ეთიკის იმგვარად შეცვლა, რომ მან სოციალური ქსელიდან მომდინარე გამოწვევებს უპასუხოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, მზია თოდუა ამბობს, რომ საჭიროა განსაზღვრული ფარგლები დაწესდეს, თუნდაც სოციალურ ქსელში მოსამართლეების აქტიურობასთან დაკავშირებით.
„აქ უნდა იყოს აუცილებლად განსაზღვრული ფარგლები, მიუხედავად იმისა, რომ ეს უფლებები მათ გააჩნიათ, მათ აქვთ გარკვეული შეზღუდვები, რამდენად შეუძლიათ იყვნენ აქტიურები სოციალურ ქსელში, რამდენად შეუძლიათ პასუხი გასცენ კრიტიკას, იმ კრიტიკასაც კი, რომელიც შეიძლება ზღვარგადასული და განსაკუთრებით მძიმე იყოს. ამ შემთხვევაში, ამის ბალანსის დადგენა არის ყველზე რთული,“ - განაცხადა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, მზია თოდუამ.
ეთიკის ნორმების გადახედვის საჭიროებაზე საუბრობს ასევე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე.
„მოგეხსენებათ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებმა ბუნებრივად გამოიწვია ის, რომ გამოხატვის თავისუფლებამ სხვადასხვა ფორმები მიიღო, მათ შორის, სოციალური ქსელების მეშვეობით, ამიტომ, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ თანამედროვეობას ფეხი უნდა ავუწყოთ და გვქონდეს შესაბამისი შეხედულებები და რეგულაციები, თუნდაც, ეთიკის წესების სახით,“ - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.