„გახარია წადი“, - კრიმინალურმა პოლიციამ გმირთა მოედანზე მისული ახალგაზრდების განყოფილებაში გადაყვანა სცადა.
ერთი საათის წინ ახალგაზრდების ჯგუფი, ესტაკადის საფეხმავლო ნაწილში პლაკატებით დადგა და ცოცხალი ჯაჭვი გაავლო.
მდუმარე აქცია უკვე იშლებოდა, როდესაც აქციის მონაწილეებთან პოლიციელები მივიდნენ და უთხრეს ერთ-ერთ მომიტინგეს, თეონა ცუცქირიძეს, რომ პოლიციაში უნდა გადაეყვანათ.
ამის მიზეზი კი აქციის დაშლამდე მომხდარი ინციდენტი გახდა, რა დროსაც ერთ-ერთი ადამიანი მივიდა სამართალდამცავებთან და უთხრა, რომ მას შეურაცხყოფა მიაყენეს. თუმცა, სამართალდამცავები ამ პირის ვინაობას არ აკონკრეტებენ.
აქციის მონაწილეები ვარაუდობენ, რომ ადგილზე სუს-ის პროვოკატორი იმყოფებოდა.
აქციის მონაწილეების მიერ წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, პოლიციელებმა ადგილზე მიიტანეს ოქმი.
თავად, თეონა ცუცქირიძე ამბობს, რომ ინციდენტს არ შესწრებია და მისთვის გაუგებარია, რატომ უპირებდნენ განყოფილებაში გადაყვანას.
„არ ვიცი, რასთან დაკავშირებით მიბარებენ, იმიტომ, რომ არ შევსწრებივარ... მარტო ჩემთან მოვიდნენ ისე, რომ სახელი და გვარიც არ იცოდნენ ჩემი,“ - ამბობს ცუცქირიძე.